დისკრიმინაციის აკრძალვა

რა არის დისკრიმინაცია?

დისკრიმინაცია ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ პირებს განსხვავებულად ექცევიან ისეთი ნიშნის მიხედვით, როგორიცაა რასა, ეთნიკური წარმომავლობა, სქესი, ენა, რელიგია და ა.შ.  

დისკრიმინაცია აკრძალულია, რადგან ის ეწინააღმდეგება თანაბარი მოპყრობის პრინციპს, რომელიც ფუნდამენტურია ადამიანის უფლებათა სამართლისთვის.
არსებობს სამი სახის დისკრიმინაცია:

1. პირდაპირი 

ხდება მაშინ, როდესაც ადამიანზე პირდაპირ გავლენას ახდენს განსხვავებული მოპყრობა.

2. არაპირდაპირი

ხდება მაშინ, როდესაც კანონი ან პოლიტიკა, ზოგადად ყველასთვის თანაბრად ვრცელდება და ნეიტრალურია (არადისკრიმინაციული), მაგრამ ფაქტობრივად დისკრიმინაციულია გარკვეული ჯგუფის მიმართ.

3. დისკრიმინაცია ასოციაციის გზით

ხდება მაშინ, როდესაც ერთი პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ვრცელდება მათთან მჭიდრო კავშირში (დაკავშირებულ) სხვა პირზეც (მაგ., მშობელი - შვილი).

რა საფუძვლებით შეიძლება განხორციელდეს დისკრიმინაცია? 

სია არ არის ამომწურავი და დისკრიმინაცია შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ნიშნით. ყველაზე გავრცელებულია:

●    რასა, ეთნიკური წარმომავლობა და კანის ფერი
●    სქესი, გენდერი და სექსუალური ორიენტაცია
●    ენა
●    რელიგია
●    პოლიტიკური თუ სხვა აზრი
●    ოჯახური ან მშობლის მდგომარეობა
●    საიმიგრაციო სტატუსი

შეიძლება თუ არა დისკრიმინაციის გამართლება?

დიახ, დისკრიმინაციის ყველა შემთხვევა არ არის აკრძალული.

განსხვავებული მოპყრობა არ ჩაითვლება ადამიანის უფლებების დარღვევად, თუ არსებობს ობიექტური და გონივრული დასაბუთება და აქვს ლეგიტიმური მიზანი (მაგ. ეროვნული უსაფრთხოების დაცვა, მშვიდობის აღდგენა ან სხვა).

ასევე არსებობს პოზიტიური ქმედების კონცეფცია - ხელსაყრელი მოპყრობა იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ტრადიციულად უკანონო დისკრიმინაციას განიცდიდნენ (მაგ. ეთნიკური უმცირესობები და ქალები).

[მაგალითი] საქმეში ანდრლე ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი, რომელიც იმ ქალებისთვის, რომლებმაც შვილები გაზარდეს, უფრო დაბალ საპენსიო ასაკს (57 ან უფრო დაბალი) ითვალისწინებდა, ვიდრე მამაკაცებისთვის (60 წელი), არ იყო უკანონო, რადგან ასეთი კანონი მიზნად ისახავს „ქალსა და მამაკაცს შორის ფაქტობრივი უთანასწორობის კომპენსირებას“.

ვინ იცავს ამ უფლებას?

ვინაიდან სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი გარანტი, მან უნდა უზრუნველყოს დისკრიმინაციის აკრძალვის დაცვა.

სახელმწიფოს ვალდებულებები ორგვარია: ნეგატიური (ვალდებულებები „თავად არ დაარღვიოს“) და პოზიტიური (ვალდებულებები „იმოქმედოს“).

ნეგატიური ვალდებულება საჯარო ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ თავად არ მოეპყროს ადამიანებს  დისკრიმინაციულად. 

პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს:

  • მიიღოს კანონები, რომლებიც არ არის დისკრიმინაციული
  • აკრძალოს უკანონო დისკრიმინაცია
  • ეფექტურად გამოიძიოს შემთხვევები, როდესაც პირი გახდა გაუმართლებელი დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი
  • სხვაგვარად გამოასწოროს საზოგადოებაში არსებული ფაქტობრივი უთანასწორობა (ტრადიციულად უფრო დაუცველი ან ნაკლებად დაცული ჯგუფების მხარდაჭერით)

ამ უფლების საერთაშორისო აღიარება

დისკრიმინაციის აკრძალვა მომდინარეობს თანასწორობის პრინციპიდან: ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი. პირისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი ნიშანი ან სტატუსი არ შეიძლება იყოს არათანაბარი მოპყრობის საფუძვლიანი მიზეზი.

1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლში ნათქვამია:

"კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დისკრიმინაციის გარეშე ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისგან."

ეს აკრძალვა ასევე გვხვდება ყველა მნიშვნელოვან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციაში. გარდა ამისა, არსებობს მრავალი სპეციალიზებული კონვენცია, რომელიც დისკრიმინაციისგან იცავს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მიგრანტი მუშები.

კონტექსტში

წყაროები

ბოლო განახლებები 19/12/2025