განათლების უფლება

რა არის განათლების უფლება?

განათლების უფლება უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს წვდომა განათლებაზე. შესაბამისად, განათლება აღიარებულია როგორც ადამიანის პიროვნების ფორმირებისა და განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს უფლება მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი კულტურული, რელიგიური, ზნეობრივი და სხვა შეხედულებების შესაბამისად აირჩიონ შვილებისთვის სასურველი განათლების ტიპი. ასევე, ეს უფლება აძლევს კერძო ან იურიდიულ პირებს საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის შესაძლებლობას.

ვინ იცავს ამ უფლებას?

სახელმწიფო ადამიანის უფლებების მთავარი გარანტორია. მას აქვს სამი სახის ვალდებულება:

  • პატივისცემის ვალდებულება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა შეზღუდოს ეს უფლება და თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რაც ხელს შეუშლის მის განხორციელებას
  • დაცვის ვალდებულება გულისხმობს, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები მესამე პირების მხრიდან ამ უფლების დარღვევის თავიდან ასაცილებლად
  • რეალიზაციის ვალდებულება მოითხოვს, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ინდივიდებს ამ უფლებით სარგებლობაში

ასევე, სახელმწიფოს ვალია უზრუნველყოს შემდეგი ოთხი ძირითადი მოთხოვნის შესრულება:

ხელმისაწვდომობა

საგანმანათლებლო დაწესებულებები საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს მოიცავს პრაქტიკულ ელემენტებსაც, როგორიცაა შენობები, პედაგოგიური პერსონალი და სასწავლო მასალები, ბიბლიოთეკები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

წვდომა

სახელმწიფომ უნდა აღმოფხვრას განათლებაზე წვდომის შესაძლო ბარიერები. განათლება უნდა იყოს ფიზიკურად  (გონივრულად ახლოს მდებარეობდეს) და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი (ყველასთვის მისაწვდომი ფასით), ასევე ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი დისკრიმინაციის გარეშე. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სავალდებულო ასაკის ყველა ბავშვს ჰქონდეს წვდომა განათლებაზე და ეს განათლება იყოს უფასო (ეს არ ვრცელდება საშუალო და უმაღლეს განათლებაზე).

მიღება

მშობლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ შვილებისთვის განათლების ფორმა სახელმწიფოს ჩაურევლად. განათლების შინაარსი და ფორმა უნდა იყოს — რელევანტური, კულტურულად შესაბამისი და მაღალი ხარისხის.

მოქნილობა

განათლება უნდა იყოს მოქნილი და ადაპტირებადი ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. საზოგადოება იცვლება — შესაბამისად, იცვლება ნორმები, რწმენები და ტრადიციებიც, და განათლებამ უნდა ასახოს ეს ცვლილებები.

უფლების საერთაშორისო აღიარება

ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია არის პირველი ყოვლისმომცველი ჩამონათვალი ადამიანის უფლებებისა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 1948 წელს მიიღო. უკვე მაშინ, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ განათლება ადამიანის უფლებაა — დეკლარაციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამბობს:

 “განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და გაერთიანებული ერების მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.“

ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა ასევე გაუსვა ხაზი ამ უფლების ორმაგ ბუნებას:

„განათლება ერთდროულად წარმოადგენს როგორც ადამიანის უფლებას, ასევე აუცილებელ საშუალებას სხვა უფლებების რეალიზებისთვის. […] დღითიდღე უფრო მეტად აღიარებულია, რომ განათლება ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსური ინვესტიციაა, რაც სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს.“

კონტექსტში

წყაროები

ბოლო განახლებები 07/02/2026