მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა

რა არის მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა?

მონობა არის მდგომარეობა, როდესაც ერთი ადამიანი მეორის საკუთრებაა. კლასიკური მონობა (ადამიანების საკუთრებად ქცევა) აკრძალულია საერთაშორისო სამართლით, თუმცა მასთან დაკავშირებული მოვლენა, რომელსაც „თანამედროვე მონობა“ ეწოდება, დღესაც არსებობს.

თანამედროვე მონობა არის ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაცია პირადი ან კომერციული სარგებლისთვის. ამას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, როგორიცაა ადამიანებით ვაჭრობა, იძულებითი ქორწინება, საშინაო მსახურება, სექსუალური მონობა ან იძულებითი შრომა.

იძულებითი შრომა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი იძულებულია შეასრულოს სამუშაო დასჯის მუქარის ქვეშ. იძულებითი შრომა არასოდეს არის ნებაყოფლობითი და ყოველთვის მოიცავს ძალადობას.

შენიშვნა იძულებითი შრომა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური შრომით. ის გულისხმობს სამუშაოს ან მომსახურების ყველა შესაძლო სახეობას.

„თანამედროვე მონობის გლობალური შეფასების“ 2022 წლის ანგარიშში აღნიშნულია:

ნებისმიერ მოცემულ დღეს, იძულებითი შრომის პირობებში იმყოფება 27.6 მილიონი ადამიანი. ეს  რიცხვი ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველ ათას ადამიანზე 3.5 ადამიანი იძულებით შრომას ეწევა.

რას არ მოიცავს იძულებითი შრომა?

იძულებითი შრომა არ მოიცავს:

  • სამუშაოს, რომელიც ჩვეულებრივ მოითხოვება დაკავების პერიოდში
  • ნებისმიერ სამხედრო ხასიათის სამსახურს
  • მომსახურებას საგანგებო სიტუაციებში ან ისეთ ვითარებაში, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების სიცოცხლეს ან კეთილდღეობას
  • ნებისმიერ სამუშაოს ან მომსახურებას, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებრივი სამოქალაქო ვალდებულებების ნაწილს (მაგ., სავალდებულო ნაფიც მსაჯულად ყოფნა)

შესაძლებელია მონობისა და იძულებითი შრომის გამართლება?

მონობა და იძულებითი შრომა არ შეიძლება გამართლდეს. ერის სიცოცხლისთვის საშიში საზოგადოებრივი საგანგებო მდგომარეობაც კი არ იძლევა ამ უფლებიდან გადახვევის საშუალებას.

ვინ იცავს ამ უფლებას?

ვინაიდან სახელმწიფო ადამიანის უფლებების მთავარი გარანტია, მან უნდა უზრუნველყოს მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვის დაცვა.

სახელმწიფოს ვალდებულებები ორგვარია: ნეგატიური (ვალდებულებები „არ გააკეთო რამე“) და პოზიტიური (ვალდებულებები „გააკეთო რამე“).

ნეგატიური ვალდებულება მოითხოვს სახელმწიფოსგან თავი შეიკავოს მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვის დარღვევისგან.

მეორე მხრივ, პოზიტიური ვალდებულებაა უზრუნველყოს, რომ საჯარო ხელისუფლება არ ახორციელებდეს უკანონო დისკრიმინაციას და აქტიურ ზომებს იღებდეს დასაცავად. რაც მოიცავს:

1. შესაბამისი კანონების მიღებას

  • სისხლის სამართლის კოდექსმა უნდა აკრძალოს მონობა, ბატონყმობა ან იძულებითი შრომა.
  • სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ბიზნეს საქმიანობა, რადგან ბიზნესი ხშირად გამოიყენება ადამიანებით ვაჭრობის დასაფარად, სადაც მსხვერპლებს „მუშებად“ წარმოადგენენ.
  • სახელმწიფოს საიმიგრაციო წესებმა არ უნდა შეუწყოს ხელი და არ უნდა მოითმინოს ადამიანებით ვაჭრობა (მაგალითად, წესებით შეიძლება სავალდებულო იყოს ყველა მგზავრმა სამგზავრო დოკუმენტები წარმოადგინოს).

2. გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა

  • სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს იძულებითი შრომისა და ტრეფიკინგის შემთხვევები მაშინაც კი, თუ არ არსებობს მსხვერპლის საჩივარი ან თუ მსხვერპლმა უკან წაიღო განცხადება. ტრანსსასაზღვრო დანაშაულების შემთხვევაში, დაინტერესებულ სახელმწიფოებს ეკისრებათ თანამშრომლობის ვალდებულება.

3. მსხვერპლთა დაცვა

  • როდესაც სახელმწიფო ორგანოებს აქვთ ინფორმაცია, რომ ინდივიდს ემუქრება ექსპლუატაციის ან ტრეფიკინგის რეალური რისკი, მათ უნდა გამოიყვანონ ის ამ სიტუაციიდან.
  • სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მსხვერპლებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციაში.
  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა (კონსულტაცია და წარმომადგენლობა).

უფლების საერთაშორისო აღიარება

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-4 მუხლი განმარტავს:

„არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში და ყმობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია.“

კონტექსტში

წყაროები

ბოლო განახლებები 11/11/2025