რა არის „პირადი ცხოვრება“?
„პირადი ცხოვრება“ ძალიან ფართო ცნებაა, რომლის მკაფიოდ განსაზღვრა რთულია. ადამიანის უფლებების კონტექსტში, პირადი ცხოვრება გულისხმობს ადამიანის ცხოვრების და იდენტობის ყველა ასპექტს, როგორც სოციალურ, ისე ფიზიკურ მხარეს. შესაბამისად, პირადი ცხოვრება მოიცავს ინდივიდის გარეგნობას, სექსუალურ ორიენტაციას, ინტერესებსა და პრეფერენციებს, პროფესიულ და პირად საქმიანობას, ურთიერთობებს — ოჯახთან, მეგობრებთან და უფრო ფართო სოციალურ წრესთან, ცხოვრებისეულ არჩევანს, საცხოვრებელ სივრცესა და მიმოწერას. მარტივად რომ ვთქვათ, პირადი ცხოვრება მოიცავს ადამიანის ცხოვრების ყველა იმ ასპექტს, რასაც ის საკუთარ პიროვნებად აღიქვამს.
არის თუ არა გამონაკლისები?
პირადი ცხოვრების უფლება აბსოლუტური არ არის და, შესაბამისად, მასზე შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების დაწესება.
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია განსაზღვრავს სამ მთავარ კრიტერიუმს, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია იმისათვის, რომ შეზღუდვა ჩაითვალოს კანონიერად:
1. შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით – ეს ნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობით არსებობს შესაბამისი ნორმა, რომელიც ასეთი შეზღუდვის დაშვებას ითვალისწინებს.
2. შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში შემდეგი მიზნებისთვის:
- ეროვნული უსაფრთხოების დაცვა
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა
- არეულობის ან დანაშაულის პრევენცია
- ჯანმრთელობისა ან ზნეობის დაცვა
- სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა
3. შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული (არ უნდა სცდებოდეს იმ ზომას, რაც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად.)
ეს სამი კრიტერიუმი ფართოდაა მიღებული და გამოყენებული სხვა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების მიერ და ხშირად ხელმძღვანელობისთვის გამოყენებულია ეროვნული დონეზეც გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების პრაქტიკაში.
ვინ იცავს ამ უფლებას?
სახელმწიფო ადამიანის უფლებების მთავარი გარანტორია. მისი ვალდებულებები ორპირულია: ნეგატიური (ვალდებულება „არ გააკეთოს“ რაღაც) და პოზიტიური (ვალდებულება „გააკეთოს“ რაღაც). ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევისგან.
პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ინდივიდებს შორის ურთიერთობებს.
უფლების საერთაშორისო აღიარება
აღნიშნული უფლება ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა შეექმნა საერთო სტანდარტი ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის.
ამ მიზნით, 1948 წელს მიიღეს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია. მისი მე-12 მუხლი ამბობს:
არავინ შეიძლება დაექვემდებაროს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მის საცხოვრებელსა და მიმოწერაში თვითნებურ ჩარევას, ისევე როგორც მისი პატივისა და რეპუტაციის ხელყოფას. ყველას აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარებისა და ხელყოფისგან.“
შემდგომ წლებში ეს უფლება აისახა საერთაშორისო და რეგიონულ ადამიანის უფლებათა კონვენციებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო საზოგადოება ვერ წარმოიდგენდა, თუ რამდენად დიდი ოდენობის პირადი ინფორმაცია შეინახებოდა მომავალში ვირტუალურ სივრცეში. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, პირადი ცხოვრების უფლების სფერო გაიზარდა და დღეს უკვე მოიცავს ინტერნეტ სივრცეში კონფიდენციალურობის დაცვასაც.