რას გულისხმობს “რელიგია” და “რწმენა”?
რელიგიის დეფინიციის მკაცრად განსაზღვრა საკმაოდ ძნელია: ასეთი განმარტება უნდა იყოს ძალიან ფართო და მოქნილი, რომ მოიცავდეს დღეს არსებულ სხვადასხვა რელიგიებს, მაგრამ ასევე არ უნდა იყოს იმდენად ფართო, რომ არ მოხდეს „ზედმეტად გაფართოება“. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რელიგია ან რწმენა განმარტა, როგორც
„თეისტური, არათეისტური და ათეისტური მრწამსი, ისევე როგორც უფლება არ აღიარო რაიმე რელიგია ან რწმენა“.
მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უფლება იცავს ნებისმიერი ადამიანის რწმენას, როგორც რელიგიურ, ისე არარელიგიურ ბუნებას (როგორიცაა ათეიზმი და აგნოსტიციზმი).
რელიგიის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ რწმენის ფლობის უფლებას, არამედ მისი გამოვლენის, მიღების, შეცვლის ან უარის თქმის თავისუფლებას და რწმენის იძულებისგან თავისუფლებას. პირი არ არის ვალდებული გაამჟღავნოს თავისი რწმენა: რელიგიის თავისუფლება ასევე მოიცავს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლებას.
როგორ შეიძლება შეზღუდოს რელიგიის და რწმენის თავისუფლება?
რელიგიის დ რწმენის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, შესაბამისად იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს სამ კრიტერიუმს, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს იმისთვის, რომ შეზღუდვა კანონიერი იყოს:
1. შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით: ეროვნული კანონმდებლობა იძლევა ასეთი შეზღუდვის შესაძლებლობას
2. შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში:
- დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება
- დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, ჯანმრთელობა ან მორალი
- დაიცვას სხვათა უფლებები და თავისუფლებები
3. შეზღუდვა პროპორციულია (არაუმეტეს, ვიდრე საჭიროა დასახული მიზნის მისაღწევად)
ეს კრიტერიუმები ასევე საყოველთაოდ იქნა მიღებული და აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ და მრავალი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა იზიარებს მას.
ვინ იცავს ამ უფლებას?
სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი გარანტი. მისი ვალდებულებები ორგვარია: ნეგატიური (ვალდებულებები „თავად არ დაარღვიოს“) და პოზიტიური (ვალდებულებები „იმოქმედოს“).
ნეგატიური ვალდებულებაა თავი შეიკავოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევისგან. პოზიტიური ვალდებულებაა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს (ეროვნული კანონები) და ეფექტური სასამართლო და აღსრულების სისტემის მეშვეობით (როგორიცაა მოქმედი სასამართლოები).
უფლების საერთაშორისო აღიარება
ეს უფლება ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა დაედგინა საერთო სტანდარტი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. 1948 წელს ამ მიზნით მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. მე-18 მუხლში ნათქვამია:
“ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და, აგრეთვე ,თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა სწავლებით, წესების დაცვით, აღმსარებლობითა და რიტუალების აღსრულებით.”
აღნიშნული უფლება მოგვიანებით აღიარებულ იქნა ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებში.
რელიგიის თავისუფლება მართლაც დემოკრატიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ
„ამ თავისუფლებაზეა დამოკიდებული დემოკრატიული საზოგადოებისგან განუყოფელი პლურალიზმი, რომელიც ძვირად იქნა მოპოვებული საუკუნეების განმავლობაში“.