საკვების უფლება

რა არის საკვების უფლება?

მარტივად რომ ვთქვათ, საკვების უფლება გულისხმობს საკმარის და სათანადო საკვებზე  რეგულარულ და მუდმივ ხელმისაწვდომობას.

უფრო სწორად, ამ უფლებას „ადეკვატური საკვების უფლება“ ეწოდება.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საკვების უფლების საკითხებში შემდეგი განმარტება გააკეთა:

საკვების უფლება არის უფლება რეგულარულ, მუდმივ და შეუზღუდავ ხელმისაწვდომობაზე, პირდაპირი ან ფინანსური შესყიდვების გზით, რაოდენობრივად და ხარისხობრივად ადეკვატურ და საკმარის საკვებზე, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის კულტურულ ტრადიციებს და რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკურ და გონებრივ, ინდივიდუალურ და კოლექტიურ, სრულფასოვან და ღირსეულ სიცოცხლეს შიშის გარეშე.

შენიშვნა საკვების უფლება არ არის უფლება კონკრეტული რაოდენობის კალორიებზე. NOTE

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტმა განმარტა:

ადეკვატური საკვების უფლება, შესაბამისად, არ უნდა იქნეს განმარტებული ვიწრო ან შემზღუდველი გაგებით, რომელიც მას აიგივებს კალორიების, ცილების და სხვა კონკრეტული საკვები ნივთიერებების მინიმალურ პაკეტთან.

როგორ განისაზღვრება, არის თუ არა საკვები ადეკვატური?

ადეკვატურ საკვებს აქვს შემდეგი მახასიათებლები:

  1. ხელმისაწვდომობა: პირებს შეუძლიათ საკვების მიღება პირდაპირ ბუნებრივი რესურსებიდან (სოფლის მეურნეობა, ნადირობა და ა.შ.) ან მისი შეძენით.
  2. ფიზიკური ხელმისაწვდომობა: საკვები უნდა იყოს როგორც ეკონომიკურად, ასევე ფიზიკურად ხელმისაწვდომი. ამრიგად, მას უნდა ჰქონდეს გონივრული ფასი (ისეთი, რომელიც არ აიძულებს ადამიანს კომპრომისზე წავიდეს სხვა საჭიროებების დაკმაყოფილების ხარჯზე). ფიზიკური ხელმისაწვდომობის მაგალითია სასურსათო ბაზარი, რომელიც ადამიანის სახლიდან გონივრულ მანძილზე მდებარეობს – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შორეულ რაიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.
  3. ადეკვატურობა: საკვები უნდა აკმაყოფილებდეს დიეტურ მოთხოვნილებებს, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით – ინდივიდის ასაკი, ჯანმრთელობა, სქესი და ა.შ. საკვები უნდა იყოს უსაფრთხო და თავისუფალი საშიში ნივთიერებებისგან. ის ასევე უნდა იყოს კულტურულად შესაფერისი.

მაგალითი ღორის ხორცი კულტურულად და რელიგიურად შეუფერებელი საკვებია მართლმადიდებელი ებრაელისთვის. ის შეიძლება იყოს ნოყიერი და აბსოლუტურად უსაფრთხო მოხმარებისთვის, მაგრამ ის სრულად არ აკმაყოფილებს ადეკვატურობის მოთხოვნას. EXAMPLE

ვინ იცავს ამ უფლებას?

ვინაიდან სახელმწიფო ადამიანის უფლებების მთავარი გარანტია, მან უნდა გადადგას ნაბიჯები ამ უფლების რეალიზაციისკენ.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფოს სამი სახის ვალდებულება აქვს:

1. პატივისცემის ვალდებულება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს ან ხელი შეუშალოს ამ უფლებას. ამრიგად, აკრძალულია შემდეგი ქმედებები:

  • საკვებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა
  • კვებასთან დაკავშირებული პროგრამების გაუმართლებელი შეჩერება

2. დაცვის ვალდებულება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს დარღვევები სხვა მხარეების მიერ. ეს მოიცავს:

  • შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას
  • სურსათის ბაზრის რეგულირებას (მაგ., სურსათის მარკირება)
  • მიწის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციას

3. შესრულების ვალდებულება მოითხოვს სახელმწიფოსგან მიიღოს ზომების ერთობლიობა ამ უფლების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს:

  • ეროვნული საკვებისა და კვების პოლიტიკის მიღებას
  • შიმშილის პრევენციას
  • საჭიროების შემთხვევაში საკვები დახმარების გაწევას

რა მოხდება, თუ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი რესურსები?

საკვების უფლება არ არის გამოკვების უფლება. სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება უფასოდ უზრუნველყოს მოსახლეობა საკვებით.

ამ უფლების არსი არის არადისკრიმინაცია: ყველას აქვს უფლება, ღირსეულად გამოიკვებოს. შესაბამისად, სახელმწიფოს პირველადი ამოცანა უნდა იყოს საკვებთან დაკავშირებულ საკითხებში დისკრიმინაციის აღმოფხვრა და შიმშილის პრევენცია.

უფლების საერთაშორისო აღიარება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე მიღებული ადამიანის უფლებათა პირველი დოკუმენტი, 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 25-ე მუხლის პირველ ნაწილში განმარტავს:

ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობების, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

აღნიშნული უფლება აღიარებულია ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო კონვენციებითაც.

კონტექსტში

წყაროები

ბოლო განახლებები 11/11/2025