რა არის სამართლიანი არჩევნები?
სამართლიანი არჩევნების უფლება პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური უფლებაა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უფლება ადამიანმა ფარულად აირჩიოს თავისი ქვეყნის ხელისუფლება.
თავისუფალი არჩევნები უნდა აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს:
- უნდა ტარდებოდეს პერიოდულად
- ხმის მიცემის პროცედურა უნდა იყოს ფარული
- უნდა იყოს დაცული ადამიანების თავისუფლად ხმის მიცემის უფლება (ძალადობის გარეშე)
ამ უფლებას აქვს ორი ასპექტი: ხმის მიცემის უფლება (აქტიური ასპექტი) და არჩევნებში კენჭისყრის უფლება (პასიური ასპექტი).
შესაძლებელია თუ არა უფლების შეზღუდვა?
თავისუფალი არჩევნების უფლება აბსოლუტური არ არის. გარკვეული შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია, თუმცა ისინი უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს (არ არის წინასწარ განსაზღვრული სია) და უნდა იყოს პროპორციული ანუ არ უნდა აღემატებოდეს იმ ზომას, რაც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად.
მაგალითად, მინიმალური ასაკის დაწესება მონაწილე პირების საკმარისი სიმწიფის უზრუნველსაყოფად არის შეზღუდვა, მაგრამ ის გამართლებულია.
შენიშვნა — თავისუფალი არჩევნების უფლების რეგულირება ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.
ვინ იცავს ამ უფლებას?
სახელმწიფო ადამიანის უფლებების მთავარი გარანტორია. მისი ვალდებულებები ორნაირია: ნეგატიური (ვალდებულება „არ გააკეთოს“) და პოზიტიური (ვალდებულება „გააკეთოს“ რაიმე).
ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს, რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს თვითნებური ჩარევისგან ამ უფლებაში, უზრუნველყოს როგორც ხმის მიცემის, ისე არჩევის უფლების რეალიზება. პოზიტიური ვალდებულება კი მოიცავს ამ უფლების დაცვასა და ხელშეწყობას — რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არჩევნების პროცესის სათანადო რეგულირება და დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები არჩევნებში მონაწილეობისათვის.
უფლების საერთაშორისო აღიარება
თავისუფალი არჩევნების უფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება მიზნად ისახავდა მშვიდობიანი და დემოკრატიული მსოფლიოს შექმნას. ამიტომაც, ეს უფლება ბუნებრივად შევიდა 1948 წლის ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციაში, რომელიც გახდა ადამიანის უფლებების პირველი ყოვლისმომცველი ჩამონათვალი და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იქნა მიღებული.
მისი 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი განმარტავს:
“სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხის ნებაა: ხალხის ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში საყოველთაო და თანასწორი ხმის მიცემის უფლებით, ფარული კენჭისყრისა თუ სხვა თანაბარმნიშვნელოვანი თავისუფალი ხმის მიცემის პროცედურების გამოყენებით. „
ეს უფლება მოგვიანებით ასევე შევიდა საერთაშორისო და რეგიონულ ადამიანის უფლებათა კონვენციებში.