საცხოვრისის უფლება

რა არის საცხოვრისის უფლება?

საცხოვრისის უფლება არის უფლება იცხოვრო საკმარისად უსაფრთხო და მშვიდ ადგილას თვითნებური განადგურების ან გამოსახლების შიშის გარეშე.

შენიშვნა საცხოვრისის უფლება არ არის  „ჭერის ქონის“ უფლება.

მას ადეკვატური საცხოვრისის უფლება ეწოდება, რადგან იგი მჭიდრო კავშირშია ადამიანის ღირსების კონცეფციასთან.

როგორ განისაზღვრება, არის თუ არა საცხოვრებელი ადეკვატური?

ადეკვატურ საცხოვრებელს აქვს შემდეგი მახასიათებლები:

  1. საკუთრების კანონიერი დაცულობა: ქონება შეიძლება იყოს ნაქირავები ან საკუთრებაში, საჯარო ან კერძო, მაგრამ ყველა პირს უნდა ჰქონდეს იურიდიული გარანტიები იძულებითი გამოსახლებისგან.
  2. სერვისების, მასალების, საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა: ეს ეხება ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა საშუალებას – უსაფრთხო სასმელ წყალს, სამზარეულოსთვის საჭირო ენერგიას, ელექტროენერგიას, გათბობას, სანიტარიას და ა.შ.
  3. ხელმისაწვდომობა ფასის მიხედვით: საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯები არ უნდა ტოვებდეს ადამიანს სიღარიბის ზღვარზე, საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
  4. საცხოვრებლად ვარგისიანობა: ადეკვატურმა საცხოვრებელმა უნდა დაიცვას ადამიანი ფიზიკური საფრთხისგან, როგორიცაა სიცივე, სიცხე, წვიმა, ქარი ან სხვა გარემოსდაცვითი საფრთხეები.
  5. მისაწვდომობა: საცხოვრებლამდე მისვლა შესაძლებელი უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის: ხანდაზმული პირებისთვის, შეზღუდული მობილობის მქონე პირებისთვის, ტერმინალურად დაავადებული პაციენტებისთვის და ა.შ.
  6. მდებარეობა: შესაძლებელი უნდა იყოს სამუშაო ადგილამდე, საავადმყოფოებამდე, სკოლებამდე და ა.შ. მისვლა ადამიანის (ან ოჯახის) შემოსავლის პროპორციული ხარჯებით. საცხოვრებელი ასევე არ უნდა მდებარეობდეს სახიფათო ან დაბინძურებულ ტერიტორიაზე.
  7. კულტურული ადეკვატურობა: საცხოვრებელი უნდა იყოს შესაფერისი იმ საზოგადოებისთვის, რომელიც მას იყენებს. საცხოვრებელი არა მხოლოდ საჭიროებაა, არამედ ადამიანის ან ჯგუფის იდენტობის გამოხატულებაც, ამიტომ ის უნდა შეესაბამებოდეს მას.

ვინ იცავს ამ უფლებას?

ვინაიდან სახელმწიფო ადამიანის უფლებების მთავარი გარანტია, მან უნდა გადადგას ნაბიჯები ამ უფლების რეალიზაციისკენ.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფოს სამი სახის ვალდებულება აქვს:

1. პატივისცემის ვალდებულება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს ან ხელი შეუშალოს ამ უფლებას. ამრიგად, აკრძალულია შემდეგი ქმედებები:

  • იძულებითი გამოსახლებები
  • დისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელთან
  • საცხოვრებლის უარყოფა

2. დაცვის ვალდებულება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს დარღვევები სხვა მხარეების მიერ. ეს მოიცავს:

  • შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას
  • საბინაო და საიჯარო ბაზრების რეგულირებას
  • იმის უზრუნველყოფას, რომ კერძო პირები (მაგ., ენერგოკომპანიები, წყალმომარაგების პროვაიდერები და ა.შ.) არ ერეოდნენ საცხოვრისის უფლებაში.

3. შესრულების ვალდებულება მოითხოვს სახელმწიფოსგან მიიღოს ზომების ერთობლიობა ამ უფლების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს:

  • ეროვნული საბინაო პოლიტიკის მიღებას
  • უსახლკარობის პრევენციას
  • საბინაო სუბსიდიების უზრუნველყოფას.

რა მოხდება, თუ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი რესურსები?

საცხოვრისის უფლება არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ მთელი მოსახლეობისთვის უფასო საცხოვრებელი უნდა ააშენოს.

ამ უფლების არსი არის არადისკრიმინაცია: ყველას აქვს უფლება იცხოვროს ღირსეულ პირობებში. შესაბამისად, სახელმწიფოს პირველადი ამოცანა უნდა იყოს საცხოვრებელთან დაკავშირებულ საკითხებში დისკრიმინაციის აღმოფხვრა და უსახლკარობის პრევენცია.

უფლების საერთაშორისო აღიარება

ომები არა მხოლოდ სიცოცხლის დაკარგვას იწვევს, არამედ სახლების დაკარგვასაც. საცხოვრებელი ნადგურდება ან აღარ არის უსაფრთხო, რაც აიძულებს ადამიანებს დატოვონ იგი. საკუთარი სახლის დაკარგვა ყოველთვის ტრავმულია და სხვა უფლებების დაკარგვასაც განაპირობებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე მიღებული ადამიანის უფლებათა პირველი დოკუმენტი, 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 25-ე მუხლის პირველ ნაწილში აცხადებს:

ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობების, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

ეს უფლება აღიარებული სხვა საერთაშორისო დოკუმენტებშიც.

კონტექსტში

წყაროები

ბოლო განახლებები 11/11/2025