რა არის წამება?
წამება ფართო ტერმინია, რომელსაც არ აქვს საყოველთაოდ მიღებული განმარტება. მარტივი სიტყვებით, წამება არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძლიერი ტკივილის ან ტანჯვის მიყენება. წამება არის მიზანმიმართული ქმედება - ჩვეულებრივ გამოიყენება დაკავებული პირისგან ინფორმაციის ან აღიარებითი ჩვენების მისაღებად, მის დასასჯელად, იძულების, დამცირების ან/და დაშინების მიზნით.
რა არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი?
წამებასა და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას შორის განსხვავება მდგომარეობს მიყენებული ტანჯვის სიმძიმეში. წამება მოიცავს ინტენსივობის უმაღლეს ხარისხს და ის განზრახ არის მიყენებული. არაადამიანური მოპყრობა ან დასჯა წამებასთან შედარებით ნაკლებ ტანჯვას გულისხმობს: მან უნდა მიაღწიოს სიმძიმის მინიმალურ დონეს და გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანება ან ძლიერი ფსიქიკური ტანჯვა. ეს არ უნდა იყოს მიზანმიმართული. დამამცირებელი მოპყრობა ამცირებს ადამიანს, ლახავს ადამიანის ღირსებას ან იწვევს შიშს. ეს არ უნდა იყოს მიზანმიმართული და ხშირად არ იწვევს სხეულის დაზიანებას.
არ არსებობს ქმედების ამომწურავი სია, რომლებიც კვალიფიცირდება როგორც წამება ან არაადამიანური მოპყრობა: ეს ყოველთვის დამოკიდებულია გარემოებებზე. შეფასება ფარდობითია და მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მსხვერპლის ასაკი, სქესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოპყრობის პირობები და შედეგები და ა.შ.
[შენიშვნა] აკრძალვა ასევე მოიცავს პირის დეპორტაციის ან ექსტრადიციის შემთხვევებს, როდესაც არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ადამიანი წამების ან ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი გახდეს მშობლიურ ქვეყანაში.
შეიძლება თუ არა წამება ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის გამართლება?
წამების და არაადამიანური მოპყრობის გამართლება დაუშვებელია - ეს აკრძალვა აბსოლუტურია, გამონაკლისის გარეშე. ამ უფლებაში ჩარევა ვერ გამართლდება ვერც საზოგადოებრივი ინტერესით, ვერც სხვათა უფლებებით და ვერც მსხვერპლის ქმედებებით, რაც არ უნდა საშიში იყოს ის.
ვინ იცავს ამ უფლებას?
სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი გარანტი. მისი ვალდებულებები ორგვარია: ნეგატიური (ვალდებულებები „თავად არ დაარღვიოს“) და პოზიტიური (ვალდებულებები „იმოქმედოს“).
ნეგატიური ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს, თავი შეიკავოს ყველა სახის არასათანადო მოპყრობისგან, ანუ არ აწამოს და არ მოექცეს ცალკეულ პირებს არაადამიანური და/ან დამამცირებელი ფორმით. პოზიტიური ვალდებულებები სახელმწიფოსგან მოითხოვს, დაიცვას პირები არასათანადო მოპყრობისაგან (შესაბამისი კანონების მიღებით, აუცილებელი ტრენინგებით და ა.შ.) და ეფექტურად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.
უფლების საერთაშორისო აღიარება
წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ამკრძალავი ნორმები ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა დაედგინა საერთო სტანდარტი ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის. 1948 წელს მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლის მე-5 მუხლი განმარტავს:
„არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს“.
აკრძალვა ასევე გვხვდება ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებში. 1984 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ცალკე იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მთლიანად მიეძღვნა წამების აკრძალვას და არაადამიანურ მოპყრობას- კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ.