ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
11 დეკემბერი 2018
ფაქტები
განმცხადებლებმა, ბატონმა და ქალბატონმა მ.ა.-მ და მათმა ხუთმა შვილმა დატოვეს სახლი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში თავშესაფრის მოთხოვნით. ოჯახმა სამჯერ სცადა ლიეტუვაში ბელარუსიდან შესვლა. პირველად, როდესაც შესვლაზე უარი უთხრეს, მათ განაცხადეს, რომ თავშესაფრის მოთხოვნა წარადგინეს ზეპირად და სიტყვა „азул“ დაწერეს შესვლაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებებზე, თუმცა თავშესაფრის განხილვის პროცესი არ დაიწყო. მეორედ შესვლაზე კვლავ უარი მიიღეს. მესამე მცდელობისას ოჯახს თან ჰქონდა წერილობითი თავშესაფრის განაცხადი, რომელიც ბელარუსის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ რუსულ ენაზე მოამზადა. მიუხედავად ამისა, თავშესაფრის პროცესი კვლავ არ დაიწყო, ისინი ღამით დააკავეს და მეორე დღეს ბელარუსში დაბრუნდნენ. 2018 წელს ოჯახმა შეძლო თავშესაფრის განაცხადების წარდგენა პოლონეთში.
საჩივარი
განმცხადებლები ამტკიცებდნენ მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევას, აცხადებდნენ, რომ ლიეტუვას სასაზღვრო ხელისუფლებამ ისინი დააბრუნა ქვეყანაში, საიდანაც დიდი ალბათობით ჩეჩნეთში გააძევებდნენ, სადაც მათ წამების ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საფრთხე ელოდათ. განმცხადებლები დავობდნენ ასევე მე-13 მუხლის (ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება) დარღვევასაც.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლომ, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და ბელარუსის თავშესაფრის სისტემის ხარვეზების შესახებ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, განიხილა, იყო თუ არა ლიეტუვის ხელისუფლება ვალდებული სათანადოდ შეეფასებინა, რომ ბელარუსში დაბრუნებამდე განმცხადებლებს ჩეჩნეთში წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის რისკი ელოდათ. სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვის კანონმდებლობა ავალდებულებდა სასაზღვრო დაცვას მიეღო ყველა თავშესაფრის განაცხადი და გადაეგზავნა კომპეტენტური ორგანოსთვის, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა ეს ვალდებულება არ შეასრულეს. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოხდა განმცხადებლების უფლებების დარღვევა მე-3 მუხლის შესაბამისად.
სასამართლომ ასევე დაადგინა მე-13 მუხლის დარღვევა, მიუთითა რა, რომ თუ განმცხადებლებს შესვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრება შეეძლოთ, ასეთი საჩივარს ავტომატური შეჩერების ეფექტი არ ექნებოდა, რაც ვერ შეუშლიდა ხელს მათ ბელარუსში დაბრუნებას. შესაბამისად, ასეთი გასაჩივრება ვერ ჩაითვლებოდა ეფექტურ სამართლებრივ დაცვის საშუალებად.