ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
2006 წლის 15 ივნისი
ფაქტები
განმცხადებელი იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში. სასამართლო სხდომებზე გადაყვანის დროს მას არ მიეწოდებოდა სათანადო სადილი. დილით ადრე მას აწვდიდნენ მარტივ საუზმეს, ხოლო საღამოს, ციხეში დაბრუნების შემდეგ - ვახშამს. სასამართლოს შენობაში მას ჩვეულებრივ აძლევდნენ ერთ ნაჭერ პურს, ხახვს და ნაჭერ გამომცხვარ თევზს. თუ ციხეში ვახშმის შემდეგ ბრუნდებოდა, მას მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს აძლევდნენ. პატიმრობის განმავლობაში მას არ მისცეს უფლება შეხვედროდა მშობლებს და შეყვარებულს. მისი საქმის განმხილველმა მოსამართლემ რამდენჯერმე უარყო განმცხადებლის თხოვნა, შეხვედროდა ოჯახს. მოსამართლემ არ გამოსცა წერილობითი გადაწყვეტილება და არ მოიყვანა არანაირი არგუმენტი ასეთი გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის.
საჩივარი
განმცხადებელი ჩიოდა, რომ საკვების ნაკლებობის გამო იგი დაექვემდებარა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რაც არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს. გარდა ამისა, იგი ამტკიცებდა რომ არ არსებობდა მოქმედი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მას შეეძლო საჩივარი შეეტანა ოჯახის ვიზიტების უარყოფის შესახებ.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მათ შორის, სათანადო კვების მიწოდების მეშვეობით. სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლისთვის გადაყვანის დროს მიწოდებული საკვები აშკარად არასაკმარისი იყო ორგანიზმის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სასამართლო სხდომებში მონაწილეობა დამატებით სტრესს იწვევდა. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ განმცხადებელი ზოგჯერ სათანადო ვახშამსაც არ იღებდა. შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი რეგულარულად განიცდიდა შიმშილს სასამართლოს სხდომების დღეებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიერ განცდილი ტანჯვა აღემატებოდა მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარს და, შესაბამისად, წარმოადგენდა "დამამცირებელ მოპყრობას".
ვიზიტებთან დაკავშირებით, სასამართლომ განაცხადა, რომ თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა. ეს გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს კომპეტენტური ორგანო, რომელიც უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებულ საჩივრებს განიხილავს, კონვენციით დაცული უფლებების ჩათვლით. ამ მექანიზმის მოთხოვნები დამოკიდებულია განმცხადებლის საჩივრის ბუნებაზე, თუმცა ის უნდა იყოს ეფექტური როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. სასამართლომ შეახსენა, რომ საჩივრის მექანიზმის ეფექტიანობა არ არის დამოკიდებული იმაზე, იქნება თუ არა მისი გადაწყვეტილება განმცხადებლის სასარგებლო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ლატვიის კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული საჩივრის პროცედურა საგამოძიებო ციხეში ოჯახის ვიზიტების უარყოფის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას.