ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
21 იანვარი 2011
ფაქტები
განმცხადებელი, ბ-ნი M.S.S. იყო ავღანეთის მოქალაქე, რომელიც შევიდა ევროკავშირში საბერძნეთის გავლით, სადაც აიღეს მისი თითის ანაბეჭდები. ის ერთი კვირით დააკავეს და ქვეყნიდან გასვლის ბრძანება გასცეს. განმცხადებელი გადავიდა ბელგიაში, სადაც მან თავშესაფარი მოითხოვა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ განმცხადებელი რეგისტრირებული იყო საბერძნეთში, ბელგიის ხელისუფლებამ მიმართა საბერძნეთის ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნაზე პასუხისმგებლობის აღებაზე. განმცხადებლის საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ის საბერძნეთში გადაიყვანეს. საბერძნეთში ჩასვლისას განმცხადებელი რამდენჯერმე დააკავეს ძალიან ცუდ პირობებში და დანარჩენი დრო ის უსახლკარო და გაჭირვებული იყო.
საჩივარი
ბატონი M.S.S. ამტკიცებდა, რომ ბელგიის ხელისუფლების მიერ მისი გაძევება არღვევდა მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა) და რომ საბერძნეთში მასზე განხორციელდა მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობა; ასევე, მან იჩივლა კონვენციის მე-13 მუხლის (ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება) დარღვევაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლომ დაადგინა, რომ სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, საბერძნეთში დაკავების პირობები ტოლფასია დამამცირებელი მოპყრობისა და დაფიქსირებულია პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. შესაბამისად, სასამართლომ მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა საბერძნეთში დაკავების პირობებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საბერძნეთში ცხოვრების პირობებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი გახდა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, რაც გულისხმობდა უპატივცემულობას მისი ღირსების მიმართ და ასევე არღვევდა მე-3 მუხლს. სასამართლომ ასევე დაადგინა დარღვევა ბელგიის წინააღმდეგ, რადგან განმცხადებლის საბერძნეთში გადაყვანით ბელგიის ხელისუფლებამ შეგნებულად გახადა მსხვერპლი ისეთი დაკავებისა და ცხოვრების პირობებისა, რაც დამამცირებელი მოპყრობის ტოლფასი იყო.
გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მოხდა მე-13 მუხლის დარღვევა მე-3 მუხლთან კომბინაციაში, რადგან განმცხადებელს არც საბერძნეთში და არც ბელგიაში არ ჰქონდა წვდომა ეფექტურ სამართლებრივ საშუალებაზე. სასამართლომ არ განიხილა განმცხადებლის საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლთან მიმართებით.