ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
2001წლის 24 ივლისი
ფაქტები
განმცხადებელი, ბ-ნი ვალაშინასი, იხდიდა სასჯელს. მისი საკანი იყო 92 კვადრატული მეტრი ფართობის, რომელსაც ის დაახლოებით 20 სხვა პატიმართან ერთად იზიარებდა. დღისით მას თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ციხის განყოფილებაში, რომელიც შედგებოდა დასასვენებელი ოთახისგან, სამზარეულოსგან, სანიტარული ზონისგან და ღია ეზოსგან. ციხის საკანში ჩხრეკა ჩატარდა უკანონო ნივთების ამოღების მიზნით, რა დროსაც განმცხადებელს უბრძანეს გაშიშვლება ქალი ოფიცრის თანსწრებით. იგი გაჩხრიკა ოფიცერმა, რომელიც შეეხო მის სხეულს, მათ შორის გენიტალიებს, შემდეგ კი მის საკვებს ხელთათმანების გარეშე.
საჩივარი
ბ-ნი ვალაშინასი ამტკიცებდა, რომ ციხეში არსებული პირობები არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლომ გაიმეორა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი ამტკიცებს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ის აბსოლუტური სახით კრძალავს წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას, განურჩევლად გარემოებისა და მსხვერპლის ქცევისა. სასამართლომ გაიმეორა, რომ განიხილავს არის თუ არა მოპყრობა „დამამცირებელი“ მე-3 მუხლის მნიშვნელობით, ის გაითვალისწინებს, არის თუ არა მისი მიზანი დაინტერესებული პირის დამცირება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ პირის დაკავება შეესაბამებოდეს მისი ადამიანური ღირსების პატივისცემას და ღონისძიების აღსრულების მეთოდი არ აყენებს მას ტანჯვას ისეთი ინტენსივობით, რომელიც აღემატება პატიმრობის თანდაყოლილი ტანჯვის გარდაუვალ დონეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ-ნი ვალაშინასს საერთო საცხოვრებელში გამოეყო დაახლოებით 5 მ2 ფართი. სასამართლოს აზრით, ეს მაჩვენებელი უნდა განხილულიყო იმ ფართო გადაადგილების თავისუფლების კონტექსტში, რომლითაც სარგებლობდა ბ-ნი ვალაშინასი დღის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პირობებიც ადეკვატური იყო, სასამართლომ დაასკვნა, რომ პატიმრობის ზოგადი პირობები არ აღწევდა იმ მინიმალურ სიმძიმეს, რაც შეიძლება შეადგენდეს დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკა შეიძლება საჭირო გახდეს ციხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან არეულობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ისინი უნდა ჩატარდეს სათანადო წესით. წინამდებარე საქმეში სასამართლომ დაასკვნა, რომ ბ-ნი ვალაშინასი ქალის თანდასწრებით გაშიშვლების იძულებით და შემდეგ შიშველი ხელებით მის სასქესო ორგანოებზე შეხებით აშკარად გამოხატავდა მის მიმართ უპატივცემულობას და ფაქტობრივად ლახავდა მის ღირსებას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნი ვალაშინასის ჩხრეკა იყო დამამცირებელი მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით.