თქვენი განაცხადის სრულ განხილვას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ჩათვლით, შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს.
მიღება
მას შემდეგ, რაც სასამართლო თქვენს თავდაპირველ განცხადებას მიიღებს, ჯერ განიხილავს, არის თუ არა თქვენი განაცხადი სრული და აკლია თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამას შეიძლება 1-2 თვემდე დასჭირდეს.
- თუ სასამართლოს არ დასჭირდება თქვენგან დამატებითი ინფორმაცია და თქვენი განცხადება სრულყოფილად იქნება მიჩნეული, ის განთავსდება სიაში და განიხილება რიგის მიხედვით. თქვენ შეიძლება არც მიიღოთ რაიმე შეტყობინება ამის შესახებ.
- თუ თქვენი განაცხადი არ იქნება სრულყოფილად მიჩნეული და დამატებითი დოკუმენტების გაგზავნას მოგთხოვენ, სასამართლო გამოგიგზავნით წერილს, რომელშიც გაცნობებთ, რა სახის ინფორმაცია აკლია თქვენს განაცხადს და რომ ის ამის გამო არ იქნა მიღებული. ამ შემთხვევაში, თქვენ ხელახლა მოგიწევთ განაცხადის გაგზავნა მოთხოვნილი ინფორმაციის მასში ასახვით.
დასაშვებობა
თუ თქვენს განაცხადს მიიღებს სასამართლო, ის განთავსდება სიაში და განიხილება რიგითობის მიხედვით. თქვენ შეიძლება ამის შესახებ არ მიიღოთ შეტყობინება სასამართლოსგან.
თუ სასამართლო განიხილავს თქვენს განცხადებას და დაასკვნის, რომ ერთი ან მეტი დასაშვებობის კრიტერიუმი არ არის შესრულებული, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ სასამართლოდან თქვენ მიიღებთ წერილს, რომ თქვენი საჩივარი უარყოფილია.
შემდგომი გამოკვლევა
თუ თქვენი საჩივარი დასაშვებია, თქვენი საქმის განხილვას შეიძლება 6-7 წელი დასჭირდეს. სასამართლო პრიორიტეტს მიანიჭებს საქმეების გარკვეულ კატეგორიებს, რომლებსაც იგი გადაუდებლად მიიჩნევს. მაგალითად, საქმეები, რომლებიც ეხება ბავშვის უფლებებს ან ექსტრადიციის საქმეებს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას განმცხადებლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
როდესაც სასამართლო განიხილავს თქვენს განცხადებას, ის საქართველოს მთავრობას სთხოვს პასუხის გაცემას თქვენს საჩივრებზე. სასამართლომ ასევე შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.
სასამართლო, ჩვეულებრივ, საქმეებს განიხილავს წერილობითი წარმოების წესით, რაც ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ სტრასბურგში გამგზავრება. გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლომ შეიძლება გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის ჩატარება. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგატყობინებენ ასეთი მოსმენის შესახებ.