ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის დამოუკიდებელი საერთაშორისო სასამართლო, რომელიც განიხილავს საჩივრებს ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ. სასამართლო საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მდებარეობს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფუნქციონირებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის საფუძველზე. კონვენცია ითვალისწინებს ადამიანის იმ უფლებათა დარღვევის სახეებს, რომლებსაც სასამართლო განიხილავს, ასევე სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას და სასამართლოში განცხადების გაგზავნის წესებს.
სასამართლო არ ეკუთვნის ევროკავშირს, არამედ სხვა, ცალკე ორგანიზაციას - ევროპის საბჭოს. ევროპის საბჭო მდებარეობს სტრასბურგში და მისი მთავარი ამოცანაა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო შეიქმნა ევროპის საბჭოს დახმარებით, ის არის დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც განიხილავს საჩივრებს ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ იმ ქვეყნებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.