დაკავება უნდა განხორციელდეს კანონიერად და ადამიანის უფლებების დაცვით.
თუ პოლიცია ეჭვობს, რომ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაული, შეიძლება დაგაკავონ. დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს, მაქსიმუმ, 72 საათს. დაკავებიდან არაუგვიანეს, 48 საათისა უფლებამოსილმა პირმა უნდა გადმოგცეთ ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დადგენილებას არ მოგცემენ, დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეთ.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში დაკავება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ სამართალდარღვევაზე რეაგირების სხვა მექანიზმები ამოწურულია. ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლები ახსნილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებისას თქვენ სასამართლოს წინაშე უნდა წარგადგინონ პირველსავე შესაძლებლობისას, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 საათით. თუ ამ პერიოდში არ წარდგებით სასამართლოზე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეთ.
სისხლის სამართლის მიზნებისთვის დაკავების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ადმინისტრაციული სამართლის მიზნებისთვის დაკავების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
დაკავება ადამიანებს ართმევს თავისუფლებას და შესაძლოა მათ განსაკუთრებით უმწეოდ და დაუცველად აგრძნობინოს თავი. ამიტომ დაუშვებელია დაკავება კანონიერი საფუძვლის გარეშე.
გზამკვლევის შესახებ
ეს გზამკვლევი აგიხსნით სიტუაციებს, რა შემთხვევაში და როგორ შეიძლება დაკავება; გაგაცნობთ, რა ძირითად უფლებებს ფლობთ დაკავებისას; განგიმარტავთ, რა არის საჭირო თქვენს გასათავისუფლებლად. ის ასევე ხსნის, თუ როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები დაკავების დროს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ფიზიკური თავისუფლების ყველა შეზღუდვა არ ჩაითვლება უფლებების დარღვევად. წაიკითხეთ მეტი ქვემოთ.
გახსოვდეთ, რომ თქვენი ფიზიკური თავისუფლების ყველა შეზღუდვა არ ჩაითვლება დაპატიმრებად. მაგალითად, თქვენ არ ითვლებით დაპატიმრებულად ან დაკავებულად პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას. ზოგჯერ შეიძლება გთხოვონ საგამოძიებო პროცესში მონაწილეობა, პოლიციამ შეიძლება გამოგკითხოთ ფლობთ თუ არა ინფორმაციას შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, მაგრამ შეგიძლიათ თავისუფლად დატოვოთ ტერიტორია, როცა შეასრულებთ თქვენს კანონიერ მოვალეობას.
თითოეული სიტუაცია შეიძლება იყოს განსხვავებული და, შესაბამისად, ადამიანის უფლებები განმარტავს გარკვეულ კრიტერიუმებს თქვენი ვითარების შესაფასებლად. ესენია: დაკავების წესი, ადგილი, სადაც დაკავებული ხართ და დაკავების ხანგრძლივობა. მაგალითად, თუ თქვენ მიგიყვანეს პოლიციის შენობაში იძულებით, მოგათავსეს შეზღუდულ ან თუნდაც იზოლირებულ ადგილას, რომლის დატოვება არ შეგიძლიათ და რომელსაც მკაცრად აკონტროლებს პოლიცია, ეს, დიდი ალბათობით, ჩაითვლება დაკავებად. დაკავება შესაძლებელია იმ სიტუაციაშიც, როდესაც თქვენ პოლიციის განყოფილებაში ნებაყოფლობით მიხვედით. ამიტომ, ყოველთვის მნიშვნელოვანია იკითხოთ, შეგიძლიათ თუ არა ადგილის დატოვება.