დაკავების პერიოდში შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს კანონიერად და ადამიანის უფლებების დაცვით.

საგამოძიებო მოქმედებები

თქვენი დაკავების პერიოდში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს, მაქსიმუმ, 72 საათი, სისხლის სამართლის საქმისთვის პოლიციას ან სხვა შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ, განახორციელონ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. მაგალითად, მათ შეუძლიათ დაგკითხონ ან შეაგროვონ ნიმუშები. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავების მომენტიდან თქვენ ითვლებით ბრალდებულად და, შესაბამისად, თქვენზე ვრცელდება ბრალდებულისათვის გარანტირებული ყველა უფლება. 

ბრალდებულთა უფლებების შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

პირადი ჩხრეკა

თქვენი დაკავების შემდეგ პირადი ჩხრეკა ზოგჯერ აუცილებელია და, შესაბამისად, კანონით დაშვებულია. ამასთან, თუ ჩხრეკა მოიცავს გაშიშვლებას, ის იმავე სქესის წარმომადგენლმა უნდა განხორციელოს. სხეულის ჩხრეკა არ უნდა ჩატარდეს თქვენი დამცირების მიზნით.

გამოძიება და ძალისმიერი მეთოდები

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს პოლიცია არ უნდა მოგექცეთ არაადამიანურად და ღირსების შემლახველად. მაგალითად, აღიარების მისაღებად მათ არ უნდა გაგისწორდნენ ფიზიკურად ან დაგემუქრონ ცემით. მაგრამ პოლიციამ შეიძლება გაიძულოთ, შეასრულოთ კანონით გათვალისწინებული მოვალეობები. მაგალითად, თქვენ უნდა მისცეთ ექსპერტს უფლება, შეაგროვოს ნიმუშები. თუ თქვენ არ ითანამშრომლებთ, პოლიციამ შეიძლება ეს ნიმუშები მოიპოვოს იძულებით. მაგრამ მათ არ უნდა გამოიყენონ იმაზე მეტი ძალა, ვიდრე საჭიროა ამ ნიმუშების მისაღებად.

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა

გამოძიების დროს არასათანადო მოპყრობამ შეიძლება დაარღვიოს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან წამების აკრძალვა. თუმცა ყოველ ჯერზე, როცა თავს დამცირებულად იგრძნობთ, არ ნიშნავს, რომ არაადამიანურად ან ღირსების შემლახველად გექცევიან. თქვენ შეიძლება დამცირებულად იგრძნოთ თავი დაპატიმრების გამოც და ამით თავი უმწეოდ და დაუცველად იგრძნოთ. თუმცა, იმისთვის რომ ქმედება დამამცირებლად ან ღირსების შემლახავად შეფასდეს, მისგან გამოწვეულმა ტრავმამ სათანადო ხარისხს უნდა მიაღწიოს. 

არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის მინიმალურ დონეს მაინც, რათა გამოიწვიოს ადამიანის უფლებების დარღვევა. არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა არასათანადო მოპყრობის ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, თქვენი ასაკი, სქესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმისთვის, რომ არასათანადო მოპყრობა წამებად ჩაითვალოს, ქმედებები უნდა იყოს განსაკუთრებით სასტიკი და გამოიწვიოს ძალიან მძიმე ტანჯვა. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.

სიცოცხლის უფლება

თუ პოლიცია გამოიყენებს გადამეტებულ, არასაჭირო ძალას, რაც გამოიწვევს დაკავებულის სიცოცხლის მოსპობას, ამით დაირღვევა ადამიანის სიცოცხლის უფლება. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება.

რესურსები

ბოლო განახლებები 13/11/2023