ძალის გამოყენება და არასათანადო მოპყრობა

შეუძლია თუ არა პოლიციას დაკავებისას თქვენ წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება?

ზოგჯერ პოლიციას ადამიანის დასაკავებლად ფიზიკური ძალის გამოყენება სჭირდება. თუმცა ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული. მაგალითად, თუ ადამიანი არ უწევს პოლიციას ფიზიკურ წინააღმდეგობას და ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, პოლიციას არ აქვს უფლება მის მიმართ გამოიყენოს ძალა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კანონი და რეგულაცია, რომელიც განმარტავს, როდის და როგორ შეუძლია პოლიციას ძალის გამოყენება და პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მომზადება ძალის გამოყენების აუცილებლობის შესაფასებლად. დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლამდე თქვენ გაქვთ პირველადი სამედიცინო შემოწმების გავლის უფლება. 

გარდა ამისა, თუ თქვენ დაკავებული ხართ დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, შეგიძლიათ სასამართლოს წინაშე განაცხადოთ თქვენ მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ. ამ შემთხვევაში სასამართლომ გამოძიებისთვის უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს.

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა

დაკავებისას ფიზიკური შევიწროებისა და დაშინების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. დაპატიმრებისას შეიძლება თავი განსაკუთრებით დაუცველად იგრძნოთ, რადგან პოლიციის კონტროლის ქვეშ ხართ და არ შეგიძლიათ დატოვოთ ტერიტორია. თუ ასეთ სიტუაციაში არასათანადოდ მოგექცევიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, არამედ ფსიქოლოგიური ტრავმა. გარდა ამისა, ტკივილის გამოწვევის უბრალო საფრთხეც  კი შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად.

თუმცა არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის მინიმალურ დონეს მაინც, რათა ჩაითვალოს ადამიანის უფლებების დარღვევად. არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა არასათანადო მოპყრობის ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ეფექტები, თქვენი ასაკი, სქესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.

სიცოცხლის უფლება

გადაჭარბებული ფიზიკური ძალის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაკავებულის სიკვდილი. ასე, მაგალითად, თუ პოლიცია გაქცეულ პირს ესვრის და მოკლავს ისეთ სიტუაციაში, როდესაც შესაძლებელი იყო მისი დაჭერა. როცა პოლიცია იყენებს მომაკვდინებელ ძალას, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის უფლების დარღვევა. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება.

რესურსები

ბოლო განახლებები 13/11/2023