როგორ უნდა მოითხოვოთ კომპენსაცია საპატიმრო დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობისთვის?
კომპენსაციის უფლება
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ კომპენსაცია, თუ საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას არასათანადო მოპყრობის შედეგად მოგადგათ ზიანი. ზიანი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით მოგადგეთ. მაგალითად, ძალის გადაჭარბებული გამოყენება, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ა.შ. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანისთვის.
კომპენსაცია სისხლის სამართლის საქმეზე
გამომძიებელს შეუძლია, თქვენი საჩივრის საფუძველზე, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების ან სხვა პატიმრების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო სარჩელის შეტანითაც. ამის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
კომპენსაცია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში
შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლების ქმედება თქვენს მიმართ არ კვალიფიცირდება დანაშაულად, თუმცა მათი ქმედება შესაძლოა დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს, რომელიც არღვევს თქვენს უფლებებს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის საფუძველზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. განცხადების წარდგენის და განხილვის წესი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.