როგორ უნდა მოითხოვოთ კომპენსაცია საგამოძიებო ორგანოების უკანონო ქმედებებისთვის?
კომპენსაციის უფლება
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია, თუ გამოძიების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შედეგად მოგადგათ ზიანი. კომპენსაციის მოთხოვნა შეგიძლიათ როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანისთვის.
კომპენსაცია სისხლის სამართლის საქმეზე
თქვენი საჩივრის საფუძველზე, შესაძლოა პოლიციელების წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება. მათი ბრალის დადგენის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო სარჩელის წესით. ამის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
კომპენსაცია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში
შეიძლება იყოს სიტუაციები, როდესაც პოლიციელების ქმედებები არ კვალიფიცირდება დანაშაულად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ქმედებების შედეგად არ დარღვეულა თქვენი უფლებები. ამ შემთხვევაში შესაბამის ორგანოს (მაგალითად, გენერალურ ინსპექციას) შეუძლია დაადგინოს, გამოძიების მიმდინარეობისას თქვენ მიმართ განხორციელებულმა კონკრეტულმა ქმედებამ დაარღვია თუ არა თქვენი უფლებები. თუმცა ის ვერ გადაწყვეტს კომპენსაციის გაცემის საკითხს.
ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ წარადგინოთ სარჩელი სამოქალაქო წესით საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის საფუძველზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება, როგორც მტკიცებულება, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებას, რის შედეგადაც თქვენ მოგადგათ ზიანი.