გამოძიება წინასწარ პატიმრობის დროს

პატიმრობის პერიოდში შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს კანონიერად და ადამიანის უფლებების დაცვით.

საგამოძიებო მოქმედებები

პატიმრობაში ყოფნისას თქვენ ხართ ბრალდებული სისხლის სამართლის პროცესში. თქვენი პატიმრობის პერიოდში ბრალდების მხარეს შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება საქმის მოსამზადებლად. მაგალითად, მათ შეიძლება დაგკითხონ ან გთხოვონ, მონაწილეობა მიიღოთ საგნის ან პირის ამოცნობაში. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

გამოძიება და ძალისმიერი მეთოდები

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირები არ უნდა მოგექცნენ არაადამიანურად ან ღირსების შემლახველად. მაგალითად, თქვენგან დანაშულის აღიარების მიზნით მათ არ უნდა გამოიყენონ ფიზიკური ძალა ან დაგემუქრონ ცემით.  მათ შეიძლება მოგთხოვონ, შეასრულოთ კანონით გათვალისწინებული თქვენი მოვალეობები. მაგალითად, ექსპერტს უნდა მისცეთ უფლება, შეაგროვოს ნიმუშები.  ხოლო თუ არ ემორჩილებით კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა იძულების გამოყენების უფლება ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ნიმუშების მისაღებად არ უნდა გამოიყენონ იმაზე მეტი ძალა, ვიდრე საჭიროა. შესაბამისად, იძულება მკაცრად პროპორციული და საგამონაკლისო ხასიათის ქმედება უნდა იყოს. 

პირადი ჩხრეკა

პირადი ჩხრეკა ზოგჯერ აუცილებელია თქვენი საქმის გამოძიების დროს და, შესაბამისად, კანონით დაშვებულია. თუმცა პირადი ჩხრეკა არ უნდა განხორციელდეს თქვენი დამცირების მიზნით. თუ პირადი ჩხრეკა მოიცავს გაშიშვლებას, ის აუცილებლად იმავე სქესის თანამშრომლის მიერ უნდა ჩატარდეს. 

რა უფლებები ირღვევა?

არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა

გამოძიების დროს არასათანადო მოპყრობამ შეიძლება დაარღვიოს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან წამების აკრძალვა. თუმცა, ყოველ ჯერზე, როცა თავს დამცირებულად იგრძნობთ, არ ნიშნავს, რომ არაადამიანურად ან დამამცირებლად გექცევიან. თქვენ შეიძლება დამცირებულად, უმწეოდ ან დაუცველად იგრძნოთ თავი უბრალოდ დაკავების დროსაც კი. 

არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის მინიმალურ დონეს მაინც, რათა გამოიწვიოს ადამიანის უფლებების დარღვევა. არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ეფექტები, ასაკი, სქესი და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმისთვის, რომ არასათანადო მოპყრობა წამებად ჩაითვალოს, ქმედებები უნდა იყოს განსაკუთრებით მძიმე, სასტიკი და გამოიწვიოს ძალიან ძლიერი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.

სიცოცხლის უფლება

თუ პოლიცია გამოიყენებს გადამეტებულ, არასაჭირო ძალას, რასაც მოჰყვება დაკავებულის სიცოცხლის მოსპობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის უფლების დარღვევა. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეფასდეს, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება.

რესურსები

ბოლო განახლებები 13/11/2023