პატიმრობის პროცედურა კანონით მკაფიოდ უნდა იყოს ახსნილი და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ამ წესების დაცვით, იმისთვის რომ ის კანონიერად ჩაითვალოს.

ვინ?

ადამიანის უფლებების სტანდარტი მოითხოვს პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სასამართლოს მიერ. პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მაგისტრატი მოსამართლე იღებს. 

მონაწილეობა

თქვენ უფლება გაქვთ, დაესწროთ სხდომას მაგისტრატი სასამართლოს წინაშე და განმარტოთ თქვენი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გათავისუფლდეთ. თქვენს ადვოკატს ასევე უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს და დაგიცვათ მოსმენაზე. თუ თქვენ არ გესმით და/ან არ საუბრობთ ქართულად, სასამართლოს მოვალეობაა, სხდომაზე ჰყავდეს თარჯიმანი.

დასაბუთებული გადაწყვეტილება

მაგისტრატმა სასამართლომ უნდა შეისწავლოს პატიმრობის შესახებ  თქვენს სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ არსებული ყველა მტკიცებულება და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. მაგისტრატმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, მით უმეტეს, თუ მან გადაწყვიტა თქვენთვის პატიმრობის შეფარდება. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებამ ძალიან მკაფიოდ უნდა ახსნას თქვენს მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და მისი აუცილებლობა. პატიმრობის მიზეზები არ შეიძლება იყოს ზედაპირული და ზოგადი. თუ არ გესმით სახელმწიფო ენა - ქართული,  სასამართლომ უნდა უზრუნველყოს თარგმნა.

გასაჩივრება

თქვენ გაქვთ უფლება, გაასაჩივროთ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივრის შეტანა შეგიძლიათ, თუ თვლით, რომ ფაქტებში ან სამართლებრივ დასაბუთებაში ხარვეზებია, ასევე თუ თქვენი უფლებები არ იქნა დაცული პროცესში ან თუ საქმის არსებითი ფაქტები არ იქნა სათანადოდ შეფასებული სასამართლოს მიერ.  მნიშვნელოვანია გასაჩივრებისთვის დაშვებული ვადების დაცვა - თქვენ შეგიძლიათ მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროთ 48 საათის განმავლობაში. თქვენი დაკავების გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს მითითებული გასაჩივრების პროცედურა და ვადები. ისინი გაწერილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

თუ თქვენი დაკავების პროცესი არ შეესაბამებოდა მოცემულ მოთხოვნებს, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევას.

რესურსები

ბოლო განახლებები 13/11/2023