პატიმრობაში ყოფნისას თქვენ უფლება გაქვთ, რეგულარულად განიხილოთ პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობა.
ვინ?
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, თუ ვის, როდის და როგორ შეუძლია განიხილოს თქვენი პატიმრობის საკითხი. თქვენ ან თქვენს ადვოკატს უფლება გაქვთ, მიმართოთ მაგისტრატ სასამართლოს თქვენი პატიმრობის ხანგრძლივობის შეფასების თაობაზე.
მონაწილეობა
თქვენ უფლება გაქვთ, დაესწროთ მაგისტრატი სასამართლოს სხდომას და წარადგინოთ თქვენი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გათავისუფლდეთ. თქვენს ადვოკატს ასევე უნდა მიეცეს სხდომაში მონაწილეობის უფლება. თუ არ გესმით და/ან არ საუბრობთ ქართულად, სასამართლოს მოვალეობაა, სხდომაზე მოიწვიოს თარჯიმანი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განმარტებულია თქვენი განცხადების დასაშვებობის განხილვის პროცედურები.
დასაბუთებული გადაწყვეტილება
სასამართლომ უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება თქვენი პატიმრობის გაგრძელების თაობაზე. საამისოდ მას წინასწარ უნდა ჰქონდეს გამორკვეული ყველა შესაბამისი არგუმენტი. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებამ ძალიან მკაფიოდ უნდა ახსნას, თუ რა საფუძვლებით არის პატიმრობა თქვენს მიმართ გამოყენებული და რატომ არის ეს ჯერ კიდევ საჭირო პროცესის ამ ეტაპზე. მიზეზები არ შეიძლება იყოს ზედაპირული, ზოგადი ან იგივე მსჯელობის გამეორება, რაც წინა დაკავების განხილვისას.
რაც უფრო დიდხანს ხართ პატიმრობაში, მით უფრო საფუძვლიანი და დასაბუთებული უნდა იყოს პატიმრობის და მისი ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილება.
თუ ქართული ენა არ გესმით, სასამართლომ დაუყოვნებლად უნდა უზრუნველყოს თარჯიმნის მომსახურება.
დროული გადაწყვეტილება
ადამიანის უფლებები მოითხოვს, რომ თქვენი პატიმრობის კანონიერება დროულად გადაწყდეს. ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა განიხილოს თქვენი განცხადება ყურადღებით და დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე. პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მაგისტრატმა სასამართლომ უნდა დაიცვას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ვადები.
გასაჩივრება
თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში ერთხელ, მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 48 საათის ვადაში. სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს თქვენი განცხადება შეტანიდან, არაუგვიანეს, 72 საათისა.
რა უფლებები ირღვევა?
თუ თქვენი განცხადების განხილვის პროცესი არ იყო თქვენთვის ხელმისაწვდომი ან არ შეესაბამებოდა მოცემულ მოთხოვნებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა.