როგორი პირობები უნდა იყოს პატიმრობის ადგილზე?
დაკავებისას როგორც წესი, შესაძლოა მოგათავსონ დროებითი მოთავსების იზოლატორში. თქვენ გაქვთ უფლება, იმყოფებოდეთ ისეთ პირობებში, რომლებიც არ არის არაადამიანური ან ღირსების შემლახველი. იმისათვის, რომ შეაფასოთ, ხართ თუ არა დაკავებული ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ძირითად პირობებს:
- ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე არიან თუ არა განთავსებული
- არის თუ არა საცხოვრებელი ფართი საკმარისად დიდი მასში მყოფი ადამიანების რაოდენობისთვის
- სუფთაა თუ არა თქვენი საკანი
- გაქვთ საწოლი, ლეიბი, საბანი და თეთრეული?
- გაქვთ საკანში საპირფარეშო და ნიჟარა, რომელიც სათანადოდ არის გამოყოფილი საკნიდან?
- ძალიან ცივა თუ ცხელა თქვენს საკანში?
- გაქვთ დღის სინათლე დღისით და სინათლე დაბნელების შემდეგ?
- შეგიძლიათ დღეში ერთხელ მაინც გახვიდეთ გარეთ სასეირნოდ?
- იკვებებით დღეში სამჯერ და გაქვთ თუ არა სასმელ წყალზე შეუზღუდავი წვდომა?
- შეგიძლიათ თუ არა რეგულარულად შხაპის მიღება და გაძლევენ თუ არა საჭირო ჰიგიენურ საშუალებებს?
ეს სტანდარტები ახსნილია საქართველოს პატიმრობის კოდექსში.
რა უფლებები ირღვევა?
შეუსაბამო პირობებში ყოფნა შეიძლება იყოს ძალიან დამამცირებელი და გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა. ასეთი შეიძლება იყოს ვითარება, როდესაც უარს გეუბნებიან საჭმელზე ან წყალზე, ან საპირფარეშოთი სარგებლობა სხვა თანასაკნელების თანდასწრებით გიწევთ, ან არ გაქვთ საწოლი და მრავალი საათის განმავლობაში არ შეგიძლიათ ჯდომა ან დაწოლა. შეუსაბამო პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.
თუმცა პირობების გამო ტანჯვამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის მინიმალურ დონეს მაინც, რათა გამოიწვიოს ადამიანის უფლებების დარღვევა. შეფასებისას, იყავით თუ არა არაადამიანურ ან დამამცირებელ პირობებში, გათვალისწინებული იქნება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სიტუაციის ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასაკი, სქესი და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც წესი, დაკავების ადგილის პირობები ფასდება კომპლექსურად და არა ცალკეული ინციდენტის საფუძველზე.
იმისთვის, რათა არასათანადო მოპყრობა წამებად ჩაითვალოს, ქმედებები უნდა იყოს განსაკუთრებით სერიოზული, სასტიკი და გამოიწვიოს ძალიან მძიმე ტანჯვა. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.