პატიმრობაში ყოფნისას გაქვთ თუ არა სამედიცინო დახმარების უფლება?
პატიმრობაში ყოფნისას თქვენ უფლება გაქვთ, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოთ სამედიცინო დახმარება.
ჯანმრთელობის შემოწმება პატიმრობაში მოთავსების შემდეგ
დაწესებულებაში მოხვედრისთანავე თქვენ უნდა გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა, რის შემდგომაც ექიმი ვალდებულია, გასცეს სამედიცინო შემოწმების ცნობა. თქვენი სხეულის გამოკვლევის დროს დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
უფასო სამედიცინო დახმარება
პატიმრობაში ყოფნისას თქვენ უფლება გაქვთ, ისარგებლოთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო სერვისებით. ამასთან, სახელმწიფო არ არის ვალდებული, დააფინანსოს ყველა სახის სამედიცინო მომსახურება. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო დახმარების შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ საქართველოს პატიმრობის კოდექსში და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში. თქვენ ასევე გაქვთ უფლება, პირადი ხარჯებით მიიღოთ ის სამედიცინო მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო არ ფარავს. გარკვეულ შემთხვევებში შეგიძლიათ თქვენივე ხარჯებით მოიწვიოთ პირადი ექიმი.
ვინ გაგიწევთ სამედიცინო დახმარებას?
სამედიცინო დახმარებას, როგორც წესი, გიწევთ დაკავების დაწესებულებაში მყოფი ექიმი. სწორედ ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა სამედიცინო დახმარების გაწევისთვის სხვა რესურსების გამოყენება, მაგალითად თქვენი სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანა სამედიცინო მომსახურების მიზნით.
შესაძლო დანაშაულის შესახებ მოხსენების მოვალეობა
ექიმი და მისი დამხმარე პერსონალი ვალდებულია, აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, თუ თქვენს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებას აღმოაჩენს.
რა უფლებები ირღვევა?
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა
შესაბამისი სამედიცინო დახმარების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა და წამებაც კი. თუმცა ტანჯვამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის მინიმალურ დონეს მაინც, რათა ჩაითვალოს ადამიანის უფლებების დარღვევად. როდესაც შეფასდება, იყო თუ არა სამედიცინო დახმარების ნაკლებობა არაჰუმანური ან დამამცირებელი, მხედველობაში მიიღებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ტანჯვის ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ეფექტები, ასაკი, სქესი და ჯანმრთელობის პრობლემები.
იმისთვის, რომ არასათანადო მოპყრობა წამებად ჩაითვალოს, ქმედებები უნდა იყოს განსაკუთრებით სერიოზული, სასტიკი და გამოიწვიოს ძალიან მძიმე ტანჯვა.
წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.
სიცოცხლის უფლება
თუ დაკავებული პატიმრობის დროს საჭირო სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო დაიღუპება, ეს ჩაითვლება სიცოცხლის უფლების დარღვევად.
წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება.