თქვენ არ უნდა გახდეთ დისკრიმინაციის მსხვერპლი ჯანდაცვის სერვისების მიღებისას. დისკრიმინაციის აკრძალვა თანაბრად ეხება როგორც სახელმწიფო და მუნიციპალურ, ასევე კერძო სამედიცინო დაწესებულებებსა და მომსახურების მიმწოდებლებს.

სამედიცინო მომსახურების მიღება შესაძლებელია სახელმწიფო ან მუნიციპალური ჯანდაცვის დაწესებულებებში, ოჯახის ექიმების ან კერძო სამედიცინო პრაქტიკის მქონე პირების მიერ. ჯანდაცვის სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, არ მოახდინოს თქვენი დისკრიმინაცია. ეს ეხება პროფესიონალ სამედიცინო პერსონალს (ექიმებს ან ექთნებს), ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს (მიმღების თანამშრომლებს), სასწრაფო დახმარების მძღოლებს, კლინიკის მენეჯერებს და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ სხვა პირებს.

დისკრიმინაცია ჯანდაცვის სფეროში შეიძლება მოიცავდეს თქვენს პაციენტად მიღებაზე უარის თქმას, შეურაცხყოფას, დამამცირებელ მოპყრობას ან დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.

მაგალითი თუ ყველა უმცროსი პაციენტი მიიღებს პრიორიტეტულ მკურნალობას აშკარა მიზეზის გარეშე, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებს მოეთხოვებათ რიგში დგომა გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ამან შეიძლება დაარღვიოს ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა.

საქართველოს კანონმდებლობით ცალსახად აკრძალულია ჯანდაცვის სფეროში დისკრიმინაცია სქესის, რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან რწმენის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის და სხვა საფუძვლებით. გარდა ამისა, „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონში არის სპეციალური მუხლი, რომელიც კრძალავს პაციენტების დისკრიმინაციას სქესის ან გენდერის, ეთნიკური ან რასობრივი წარმომავლობის, რელიგიის ან მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნით.

რა უფლებები ირღვევა?

დისკრიმინაციის აკრძალვა

დისკრიმინაციის აკრძალვა შეიძლება დაირღვეს, თუ უარი გეთქვათ სამედიცინო დახმარებაზე ან მიიღეთ უხარისხო სამედიცინო მომსახურება მხოლოდ იმიტომ, რომ ხართ გარკვეული რასის, ასაკის, ეროვნების ან გაქვთ სხვა მახასიათებლები, რომლებიც დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნებია.

ჯანმრთელობის უფლება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა

თუ თქვენ ვერ შეძლებთ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას ან მიიღებთ უხარისხო სამედიცინო მომსახურებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ჯანმრთელობის უფლების დარღვევა. ყველაზე სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის დარღვევა ან თუნდაც წამება.

სიცოცხლის უფლება

თუ ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ მან ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მომსახურება ან არ გაეწია არაადეკვატური სამედიცინო დახმარება, ეს ჩაითვლება მისი სიცოცხლის უფლების დარღვევად.

როგორ იჩივლოთ

თუ ფიქრობთ, რომ ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლის მხრიდან გახდით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტს და ასევე სასამართლოს.

წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 27/10/2023