საქონელი და მომსახურება ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. დისკრიმინაციის აკრძალვა ვრცელდება საქონლისა და მომსახურების ყველა მიმწოდებელზე მიუხედავად იმისა, ისინი ეკუთვნის სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს თუ კერძო დაწესებულებას.
თქვენ არ უნდა გეთქვათ უარი საქონლისა და/ან მომსახურების მიწოდებაზე რასის, ეროვნების, რელიგიის ან სხვა ნიშნების საფუძველზე.
საქონელი და მომსახურება
საქონლისა და მომსახურების მიწოდება გულისხმობს ნივთების ყიდვასა და გაყიდვას მაღაზიებში, ბაზრებსა და სხვა ობიექტებში ან რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, სასტუმროებსა და ისეთ გასართობ ადგილებში, როგორიცაა კლუბები, კინოთეატრები, თეატრები ან ისეთი სპორტული ადგილები, როგორიცაა სპორტული დარბაზი, საცურაო აუზები და ა.შ. ეს ასევე მოიცავს წვდომას ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა სერვისებზე.
ფარგლები
საქონლისა და მომსახურების მიწოდებისას დისკრიმინაციად მიიჩნევა შემთხვევები, როდესაც მომსახურების მიმწოდებელი უარს ამბობს საქონლის გაყიდვაზე ან მომსახურების გაწევაზე. ამ კონტექსტში დისკრიმინაცია შეიძლება გულისხმობდეს დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ კომენტარებს, ხელშეკრულების განსხვავებული პირობების შეთავაზებას, მაგალითად, უფრო მაღალი ფასის განსაზღვრას გარკვეული ასაკის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა ნიშნების საფუძველზე.
მაგალითი კინოთეატრმა არ უნდა აგიკრძალოთ შესვლა, რადგან ეტლით მოსარგებლე ხართ. კლუბმა არ უნდა დააწესოს ბილეთის განსხვავებული ფასი მხოლოდ მამაკაცებისთვის.
საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს დისკრიმინაციას სქესის, რასის ან ეთნიკური წარმომავლობის და შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე საქონლისა და მომსახურების მიღებისას. ზოგიერთ შემთხვევაში საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლებს შეუძლიათ, აირჩიონ კლიენტების კონკრეტული ტიპები სპეციფიკური მოთხოვნების საფუძველზე.
საქართველოს კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ განსაზღვრავს რომ, საჯაროდ შეთავაზებული საქონლის ან მომსახურების ხელმისაწვდომობის ან მიწოდების დროს მომხმარებლის დისკრიმინაცია დაუშვებელია.
რა სახის უფლებები ირღვევა?
დისკრიმინაციის აკრძალვა დაირღვევა, თუ თქვენ უარი გეთქვათ საქონელზე ან მომსახურების გაწევაზე ან მიიღეთ ისინი უხარისხოდ მხოლოდ იმიტომ, რომ მიეკუთვნებით გარკვეულ რასას ან ეროვნებას, ან ხართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ან გაქვთ სხვა მახასიათებლები, რომლებიც დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნებია.
როგორ იჩივლოთ
თუ ფიქრობთ, რომ საქონლისა და მომსახურების მიწოდებისას გახდით დისკრიმინაციის მსხვერპლი, შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველს და სასამართლოს.
წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.