დისკრიმინაცია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სიტუაციების ამოცნობა და თავის დაცვის მექანიზმები.
დისკრიმინაციაა, როდესაც პიროვნების უნარები, შესაძლებლობები და გარემოებები ინდივიდუალურად არ არის შეფასებული და მას ეპყრობიან ნეგატიური დამოკიდებულებებითა და სტერეოტიპული ვარაუდებით, რაც ეფუძნება ინდივიდის სხვადასხვა ისეთ მახასიათებელს, როგორიცაა რასა, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია ან რწმენა, სქესი, ენა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, ასაკი ან სხვა. დისკრიმინაციას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმები, მოხდეს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში რაიმე განზრახვით ან მის გარეშე. დისკრიმინაცია იწვევს ადამიანების გარიყვას და მათი უფლებების დარღვევას.
დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები
დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის ყველა უფლების საფუძველს წარმოადგენს.
ადამიანის უფლებათა სამართალში თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა დაცულია ორი გზით. ზოგიერთ კანონში დისკრიმინაციის აკრძალვა არ არის დამოუკიდებელი უფლება და ეხება მხოლოდ ამ კანონებით დაცულ სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. მაგალითად, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს თქვენს პირად და ოჯახურ ცხოვრებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და სხვა უფლებებს დისკრიმინაციის გარეშე.
მაგალითი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. შესაბამისად, დისკრიმინაციის შესახებ საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაკავშირებულია სხვა კონვენციურ უფლებასთან.
თუმცა ზოგიერთ კანონში დისკრიმინაციის აკრძალვა არის ავტონომიური, თავისუფალი უფლება, რომელიც არ არის დაკავშირებული კანონის რომელიმე სხვა უფლებასთან.
მაგალითი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ადგენს, რომ არავინ შეიძლება იყოს დისკრიმინირებული. ეს არის ავტონომიური უფლება, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სახელმწიფოს მიერ რეგულირებულ ნებისმიერ სფეროს.
სახელმწიფოს ვალდებულებები
დისკრიმინაციის აკრძალვა მოიცავს სახელმწიფოს ნეგატიურ და პოზიტიურ ვალდებულებებს. ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, თავად არ განახორციელოს დისკრიმინაციული მოპყრობა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ თავიდან უნდა აიცილოს დისკრიმინაციული კანონების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და პროგრამების მიღება. საჯარო ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს და აღასრულოს კანონები და პოლიტიკა დისკრიმინაციული გზით. მაგალითად, პარლამენტს არ შეუძლია მიიღოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს, რომ პოლიციაში მუშაობის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. სახელმწიფო უწყებას არ შეუძლია უარი უთხრას მუსლიმებს სოციალური შეღავათებით სარგებლობაზე.
თანასწორობა ვერ იქნება მიღწეული, თუ მხოლოდ საჯარო ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, არ განახორციელოს დისკრიმინაცია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ასევე აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ დისკრიმინაცია არ მოხდეს ცალკეული პირების მხრიდან. საქართველოში მოქმედებს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლის მიზანიცაა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის მიხედვით, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების ან პირთა ჯგუფის განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ.
გზამკვლევის შესახებ
გზამკვლევის ამ ნაწილში თქვენ გაეცნობით ინფორმაციას დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშნის შესახებ. ის ასევე დაგეხმარებათ დისკრიმინაციის შემთხვევების იდენტიფიცირებაში.