თუ ადამიანს, არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით, ასაკის საფუძველზე, არათანაბრად ექცევიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ასაკობრივი დისკრიმინაცია.
ასაკი გულისხმობს გარკვეულ ასაკში ყოფნას ან ასაკობრივ ჯგუფზე მიკუთვნებულობას.
დისკრიმინაციის აკრძალვა შეიძლება დაირღვეს, როდესაც ადამიანს მისი ასაკის გამო განსხვავებულად ეპყრობიან [უკეთესად ან უარესად]. არსებობს დისკრიმინაციის სხვადასხვა გზა და ეს ყოველთვის არ ხდება პირდაპირ და აშკარად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის აღიარება.
შრომითი ურთიერთობები
ასაკის მიხედვით დისკრიმინაცია ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით გავრცელებულია შრომით ურთიერთობებში და ის უკანონოა. ეს შეიძლება იყოს ვაკანსიების განთავსებისას სამუშაოს აღწერილობაში, გასაუბრებისას, დაქირავების ეტაპზე, ხელფასების დანიშვნისას, სამუშაო დავალებების განაწილებისას, სამუშაოს შესრულების შეფასებისას, ტრენინგის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების ეტაპებზე.
მაგალითი ვაკანსიის განცხადება, სადაც წერია, რომ ეძებენ ახალგაზრდა და მიმზიდველ ქალ მიმტანებს, ან სადაც 50 წელზე უფროსი ასაკის პირებს სამსახურზე განაცხადის გაკეთება ეზღუდებათ, დისკრიმინაციულია. თუ დამსაქმებელი არ შესთავაზებს ტრენინგს დასაქმებულს მხოლოდ იმიტომ, რომ ის 55 წელს გადაცილებულია, ეს ჩაითვლება დისკრიმინაციად.
თუმცა შეიძლება იყოს გამონაკლისები დასაქმების სფეროში, სადაც ასაკის გამო განსხვავებული მოპყრობა შეიძლება იყოს ობიექტურად და გონივრულად გამართლებული ლეგიტიმური მიზნით.
საქონლისა და მომსახურების მიწოდებისას დისკრიმინაციად არ მიიჩნევა განსხვავებული მოპყრობა, თუ არსებობს გონივრული საფუძველი და ემყარება სპეციფიკურ მოთხოვნებს.
მაგალითი სახელმწიფო დონეზე პოლიტიკის შემუშავებაში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ უარი თქვან გარკვეული საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ მიუღწევიათ გარკვეული ასაკისთვის, ყველაზე ხშირად 18 წლისთვის. მაგალითად, უმეტეს ქვეყნებში, 18 წლამდე ახალგაზრდებს არ შეუძლიათ ალკოჰოლური სასმელების შეძენა ან ღამის კლუბებში შესვლა.
გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ დისკრიმინაციის პრაქტიკებს, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე გავრცელებულ სფეროებში.