თუ ადამიანს, არსებითად თანასწორ პირობებში მყოფ პირთან შედარებით, ენობრივი ნიშნის საფუძველზე, არათანაბრად ექცევიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაცია.
რა არის ენის ნიშნით დისკრიმინაცია?
დისკრიმინაცია ენის საფუძველზე არის არასამართლიანი მოპყრობა პირის მიმართ მისი მშობლიური, ოფიციალური (სახელმწიფო) ენის ცოდნის ან არ ცოდნის და სხვა ენების ცოდნის გამო. ენობრივი დისკრიმინაცია ასევე ეხება მეტყველების მახასიათებლებს, როგორიცაა აქცენტი, ლექსიკა და სინტაქსი. ის ხშირად უკავშირდება უსამართლო მოპყრობას რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით.
დისკრიმინაციის აკრძალვა შეიძლება დაირღვეს, როდესაც ადამიანს ეზღუდება გარკვეული უფლებები ან განსხვავებულად [უკეთესად ან უარესად] ეპყრობიან. არსებობს დისკრიმინაციის სხვადასხვა გზა და ეს ყოველთვის არ ხდება პირდაპირ და აშკარად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის აღიარება.
შრომითი ურთიერთობები
ენის საფუძველზე დისკრიმინაცია სხვადასხვა სფეროში შეიძლება მოხდეს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია შრომითი ურთიერთობებისას. გასაგებია, რომ ბევრი სამუშაო, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, მოითხოვს გარკვეული ენების, მათ შორის სახელმწიფოს ოფიციალური ენის ცოდნას, თუმცა ასეთი ცოდნის საჭირო დონე გონივრულად უნდა იყოს გამართლებული კონკრეტული პოზიციის მიზნებისთვის.
მაგალითი ენობრივი დისკრიმინაცია შეიძლება მოხდეს, როდესაც დამსაქმებელი ითხოვს მშობლიური ენის ცოდნის დონეს გონივრული საფუძვლების გარეშე ან როდესაც ენის ცოდნის აუცილებელი დონის მქონე პირი არ არის დაქირავებული ან დაწინაურებული მხოლოდ მისი აქცენტის გამო.
შეიძლება იყოს გამონაკლისები დასაქმების სფეროში, სადაც ენის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა შეიძლება ობიექტურად და გონივრულად იყოს გამართლებული ლეგიტიმური მიზნით.
მაგალითი კონკრეტული ენის ცოდნა შეიძლება საჭირო იყოს, თუ ამ ენაზე საუბრის უნარი კონკრეტული კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისების განუყოფელი ნაწილია. უმცირესობის ენის მცოდნემ შეიძლება მიიღოს უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე სხვა პირმა იმის გამო, რომ შეუძლია ისაუბროს უფრო მეტ ენაზე, რომელიც შეესაბამება ამ თანამდებობას.
გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ დისკრიმინაციის პრაქტიკებს, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე გავრცელებულ სფეროებში.