თუ ადამიანს, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე, არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით, არათანაბრად ეპყრობიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს რასობრივი ან ეთნიკური დისკრიმინაცია.

რა არის რასობრივი დისკრიმინაცია?

რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობა ეხება ადამიანებს, რომლებიც განისაზღვრებიან რასით, ფერით (მუქი ან ღია კანი), ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობით. ზოგჯერ ეს წარმომავლობა შეიძლება ეფუძნებოდეს ისტორიას, ტერიტორიულ წარმოშობას (რეგიონული ან ეროვნული), ცალკეულ კულტურულ მახასიათებლებს, როგორიცაა ენა ან რელიგია ან ერთი და იმავე თემის, ეთნიკური უმრავლესობის ან უმცირესობის კუთვნილების საერთო გაგებას, მაგალითად, ლატვიელი, ებრაელი, ბოშა და ა.შ.

რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობა განსხვავდება მოქალაქეობისგან, რომელიც წარმოადგენს პირის იურიდიულ კავშირს კონკრეტულ სახელმწიფოსთან. მთელ რიგ სიტუაციაში მოქალაქეობის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა ნებადართულია. მაგალითად, პარლამენტში არჩევისთვის ან საჯარო სექტორში დასაქმებისთვის შესაძლოა საჭირო იყოს კონკრეტული მოქალაქეობის ქონა. ზოგიერთ შემთხვევებში კი  მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია. მაგალითად, გარკვეული სამოქალაქო, ეკონომიკური ან სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობისას. ასეთ დროს შეიძლება მოხდეს არაპირდაპირი დისკრიმინაცია რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის ან რელიგიის ან რწმენის საფუძველზე.

როდის შეიძლება მოხდეს დისკრიმინაცია რასობრივი ნიშნით?

დისკრიმინაციის აკრძალვის უფლება შეიძლება დაირღვეს, როდესაც ადამიანს უარს ეუბნებიან გარკვეული უფლებებით სარგებლობაზე და/ან სხვაზე უკეთ ან უარესად ეპყრობიან მისი რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე. არსებობს დისკრიმინაციის სხვადასხვა გზა და ეს ყოველთვის არ ხდება პირდაპირ და აშკარად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის აღიარება.

რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე დისკრიმინაცია შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ ისეთ სფეროში, როგორიცაა შრომითი ურთიერთობები, განათლება, საქონლისა და მომსახურების მიწოდება.

მაგალითი რასობრივი დისკრიმინაციაა, როდესაც ვინმეს უარს ეუბნებიან სამუშაოზე აყვანაზე, ბინის დაქირავებაზე ან ღამის კლუბში შესვლაზე მისი კანის ფერის გამო. მაგალითად, როდესაც ადამიანს არ უშვებენ ბარში განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის გამო.

მაგალითი საგანმანათლებლო კონტექსტში დისკრიმინაციაა, როდესაც ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით მოსწავლეს უარს ეუბნებიან კერძო სკოლაში ჩარიცხვაზე, რადგან სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ სხვა მოსწავლეების მშობლები გააპროტესტებენ ამ ეროვნების ბავშვის სკოლაში მიღებას. ასევე დისკრიმინაციულია მოსწავლეების სპეციალურ კლასში მოთავსება მათი ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე.

დისკრიმინაციად არ მიიჩნევა განსხვავებული მოპყრობა, თუ არსებობს გონივრული საფუძველი და ემყარება სპეციფიკურ მოთხოვნებს.

გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ დისკრიმინაციის პრაქტიკებს, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე გავრცელებულ სფეროებში.

რესურსები

ბოლო განახლებები 27/10/2023