თუ ადამიანს, რელიგიის ან რწმენის საფუძველზე, არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით, არათანაბრად ექცევიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს რელიგიური დისკრიმინაცია.

რა არის რელიგიური დისკრიმინაცია

რელიგია ან რწმენა ნიშნავს, რომ თქვენ აღიარებთ კონკრეტულ რელიგიას, ან გაქვთ რელიგიური წარმოშობა, ან სხვა (ჩვეულებრივ ფილოსოფიური) რწმენა, ან არ გჯერათ რელიგიის.  მაგალითად, თქვენ შეიძლება თავს მიაკუთვნებდეთ რომელიმე კონკრეტულ ისეთ რელიგიას (მკაფიო სტრუქტურისა და რწმენის სისტემით), როგორიცაა კათოლიციზმი, პროტესტანტობა, მართლმადიდებელობა, მუსლიმი, სიქჰიზმი, მორმონიზმი, ბაპტიზმი, იუდაიზმი ან საერთოდაც არ გაგაჩნდეთ ფილოსოფიური და რელიგიური შეხედულებები და იყოთ ათეისტი. რელიგიური დისკრიმინაცია ნიშნავს პირის მიმართ განსხვავებულად მოპყრობას მისი რელიგიური მიკუთვნებულობის საფუძველზე.

დისკრიმინაციის აკრძალვა შეიძლება დაირღვეს, როდესაც ადამიანს უარს ეუბნებიან გარკვეული უფლებებით სარგებლობაზე და მას განსხვავებულად ეპყრობიან [უკეთესად ან უარესად] მისი რელიგიის ან რწმენის გამო. არსებობს დისკრიმინაციის სხვადასხვა გზა და ეს ყოველთვის არ ხდება პირდაპირ და აშკარად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის აღიარება.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის ან რწმენის საფუძველზე დისკრიმინაცია შეიძლება მოხდეს ბევრ სფეროში, ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე გავრცელებული დისკრიმინაციის შემთხვევები უკავშირდება შრომით ურთიერთობებს.

შრომითი ურთიერთობები

შრომის და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაცია აკრძალულია, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას, შერჩევის ეტაპზე, სამსახურში აყვანა/გათავისუფლებისას, ხელფასის მომატებისას, დაწინაურებისას და ა.შ.

მაგალითი თუ მუსლიმ განმცხადებელს აქვს საუკეთესო კვალიფიკაცია, დისკრიმინაციული იქნება სამსახურში აყვანაზე მისთვის უარის თქმა, რადგან დამსაქმებელი ფიქრობს, რომ ეს ადამიანი ვერ მოერგება უპირატესად ქრისტიანულ გარემოს.

თუმცა ქრისტიანული აღმსარებლობის მქონე იმ ადამიანის, რომელიც უარს ამბობს დაუქორწინებელი წყვილების სასტუმროში მიღებაზე, სასტუმროს ადმინისტრატორის თანამდებობაზე სამსახურში არ აყვანა  არ ჩაითვლება დისკრიმინაციად, რადგან ამ შემთხვევაში სამსახურში აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სხვა გონივრული საფუძვლები არსებობს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება არსებობდეს გამართლებული გამონაკლისები, როდესაც რელიგიური ნიშნით განსხვავებული მოპყრობა ნებადართულია.

სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა

დღესდღეობით, რელიგიურად მოტივირებული ძალადობის მზარდი შემთხვევების გამო, შესაძლებელია მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა ან დარღვევა დისკრიმინაციული ნიშნით. ყველაზე მეტად შეიძლება დაირღვეს ისეთი უფლებები, როგორიცაა გამოხატვის, გაერთიანების, რელიგიისა და გადაადგილების თავისუფლება.

მაგალითი პოლიტიკურ პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ დადგინდება, რომ ის იზიარებს ისეთ რელიგიურ შეხედულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაშია დემოკრატიულ ღირებულებებთან ან იწვევს ძალადობას.

გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ დისკრიმინაციის პრაქტიკებს, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე გავრცელებულ სფეროებში.

რესურსები

ბოლო განახლებები 27/10/2023