თუ ადამიანს, არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ პირთან შედარებით, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, არათანაბრად ეპყრობიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაცია.

რას ნიშნავს სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაცია?

სექსუალური ორიენტაცია ნიშნავს ადამიანის მიზიდულობას (სექსუალურად ან რომანტიკულად) საპირისპირო სქესის (ჰეტეროსექსუალი), საკუთარი სქესის (ჰომოსექსუალი - გეი ან ლესბოსელი) ან ორივე სქესის (ბი-სექსუალური) მიმართ. სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს ინდივიდის არასამართლიან მოპყრობას, რადგან ის არის გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ან ჰეტეროსექსუალი ან აღიქმება ასეთად.

მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია შეიძლება ნებისმიერი ადამიანის მიმართ მოხდეს, კონკრეტულად ლგბტქი+ ადამიანები ყველაზე მეტად დაუცველები არიან. ეს დაკავშირებულია საზოგადოებაში გავრცელებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებთან, რომლებიც ხშირად შერწყმულია სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისგან ადეკვატური სამართლებრივი დაცვის ნაკლებობასთან.

როდის შეიძლება მოხდეს დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით?

დისკრიმინაციის აკრძალვა შეიძლება დაირღვეს, როდესაც ადამიანს ეზღუდება გარკვეული უფლებები და სექსუალური ორიენტაციის გამო მას განსხვავებულად [უკეთესად ან უარესად] ექცევიან. არსებობს დისკრიმინაციის სხვადასხვა გზა და ეს ყოველთვის არ ხდება პირდაპირ და აშკარად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის აღიარება.

სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია შეიძლება მოხდეს ცხოვრების ბევრ სფეროში, როგორიცაა შრომითი ურთიერთობები, განათლება, საქონლისა და მომსახურების მიწოდება, საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობა და ა.შ.

მაგალითი დისკრიმინაცია შრომითი ურთიერთობებისას ხდება მაშინ, როდესაც პირს უარს ეუბნებიან სამსახურში აყვანაზე მხოლოდ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ის არის კვალიფიციური კადრი აღნიშნული ვაკანსიისთვის. მომსახურების კონტექსტში, დისკრიმინაციულია ჰეტეროსექსუალი პირისთვის გეი ღამის კლუბში შესვლის აკრძალვა ან პირისთვის ბინის დაქირავებაზე უარი მისი სექსუალური ორიენტაციის გამო. დისკრიმინაცია შეიძლება ასევე მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირი აცხადებს, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გახდა ძალადობის მსხვერპლი და პოლიცია უარს ამბობს ამ საქმის გამოძიებაზე.

თუმცა ყოველთვის არ უნდა ვივარაუდოთ, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, განსაკუთრებით შრომითი ურთიერთობების კონტექსტში. გულდასმით უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა რაიმე სხვა საფუძველი განსხვავებული მოპყრობისთვის. მაგალითად, იყო თუ არა სხვა პირი ობიექტურად უფრო კვალიფიციური კონკრეტული პოზიციის დასაკავებლად ან დაწინაურებისთვის.

გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ დისკრიმინაციის პრაქტიკებს, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე გავრცელებულ სფეროებში.

რესურსები

ბოლო განახლებები 27/10/2023