თუ პირს, შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე, არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ პირებთან შედარებით, არათანაბრად ეპყრობიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაცია.
რა არის დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, ვისაც აქვთ ხანგრძლივი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევა (მაგალითად, განკურნებადი ან განუკურნებელი დაავადების შედეგად), რომლის სხვადასხვა ბარიერთან ურთიერთქმედებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მათ სრულ და ეფექტიან მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დისკრიმინაციის აკრძალვა შეიძლება დაირღვეს, როდესაც ადამიანს ეზღუდება გარკვეული უფლებები და შეზღუდული შესაძლებლობების საფუძვლით მას განსხვავებულად [უკეთესად ან უარესად] ეპყრობიან. არსებობს დისკრიმინაციის სხვადასხვა გზა და ეს ყოველთვის არ ხდება პირდაპირ და აშკარად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის აღიარება.
მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე დისკრიმინაცია შეიძლება მოხდეს ცხოვრების ბევრ სფეროში, შესაძლო დისკრიმინაციის ყველაზე გავრცელებული სფეროებია შრომითი ურთიერთობები და საქონლისა და მომსახურების მიწოდება.
შრომითი ურთიერთობები
დისკრიმინაცია აკრძალულია შრომის და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას, შერჩევის ეტაპზე, სამსახურში აყვანა/გათავისუფლებისას, ხელფასის მომატებისას, დაწინაურებისას და ა.შ.
მაგალითი შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით დისკრიმინაცია შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევებში, როდესაც დამსაქმებელი უარს ამბობს სამუშაოზე აიყვანოს ეტლით მოსარგებლე პირი იმ მიზეზით, რომ სხვა თანამშრომლებს არ სურთ შშმ პირთან ერთად მუშაობა.
თუმცა შეიძლება იყოს გამონაკლისები დასაქმების სფეროში, სადაც შშმ პირის მიმართ განსხვავებული მოპყრობა შეიძლება იყოს ობიექტურად და გონივრულად გამართლებული ლეგიტიმური მიზნით.
მაგალითი გარკვეული ფიზიკური შესაძლებლობებია საჭირო კონკრეტულ სამუშაოებზე, როგორიცაა სამშენებლო საქმიანობა და, შესაბამისად, ასეთ სამუშაოს ეტლით მოსარგებლე ადამიანი ვერ შეასრულებს.
არის გარკვეული სიტუაციები, როდესაც დამსაქმებელი ვალდებულია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უზრუნველყოს გონივრული მისადაგების პრინციპის რეალიზაცია.
საქონელი და მომსახურება
შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში. უფრო მეტიც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გონივრული მისადაგების პრინციპი საჯარო სერვისებზე წვდომისთვის. გარკვეული მოთხოვნები მოქმედებს კერძო სექტორისთვისაც. მაგალითად, ახალი შენობების მშენებლობისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის საკითხი.
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ობიექტური და გონივრულია გარკვეული მომსახურების უარყოფა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე სხვა ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
მაგალითი დისკრიმინაციაა, როდესაც უსინათლო ადამიანს ეკრძალება კაფეში შესვლა იმის გამო, რომ ის შეიძლება იყოს ტვირთი სხვა მომხმარებლებისთვის. თუმცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისთვის გონივრულია, უსინათლო პირს უარი ეთქვას ავტომობილის მართვის გამოცდების ჩაბარებაზე.
გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ დისკრიმინაციის პრაქტიკებს, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდესწ ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე გავრცელებულ სფეროებში.