თუ პიროვნებას, არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით, გენდერის ნიშნის საფუძველზე, არათანაბრად ეპყრობიან, ასეთმა მოპყრობამ შეიძლება გამოიწვიოს გენდერული დისკრიმინაცია.
„სქესი“ გულისხმობს ადამიანის ბიოლოგიურ სტატუსს და ნიშნავს მამაკაცს ან ქალს, მამაკაცთა ან ქალების ჯგუფს, გოგონების ან ბიჭების ჯგუფს. სქესი შეიძლება ასევე ნიშნავდეს გენდერულ იდენტობას, ანუ იმას, თუ როგორ აღიქვამ საკუთარ თავს. ხოლო გენდერი მოიცავს სოციალურ როლებს, რომლებიც ენიჭებათ ადამიანებს საზოგადოებაში მათი სქესის მიხედვით.
საზოგადოებაში ბევრი გენდერული სტერეოტიპი არსებობს. მაგალითად, რწმენა იმისა, რომ გარკვეული სამუშაო უნდა შეასრულოს ქალმა მხოლოდ მისი სქესის გამო ან რომ ქალები, მათი ემოციურობიდან გამომდინარე, მამაკაცებთან შედარებით, გადაწყვეტილების მიღებისას ნაკლებად კომპეტენტურები არიან.
სამწუხაროდ, გენდერული სტერეოტიპები ხშირად იწვევს გენდერულ დისკრიმინაციას, როდესაც ადამიანს უფლებები სქესის ნიშნით ელახება. არსებობს დისკრიმინაციის სხვადასხვა გზა და ეს ყოველთვის არ ხდება პირდაპირ და აშკარად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის აღიარება.
შრომითი ურთიერთობები
გენდერული დისკრიმინაცია, განსაკუთრებით ქალების მიმართ, ხშირად ხდება შრომითი ურთიერთობებში. მაგალითად, გასაუბრების, სამსახურში აყვანის, დაწინაურების ან ხელფასის განსაზღვრის ეტაპზე.
მაგალითი ქალისთვის ორსულობის საფუძვლით სამსახურში აყვანაზე უარი წარმოადგენს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. დისკრიმინაციაა, როდესაც თანამშრომელ მამაკაცს იმავე სამუშაოსთვის უფრო მაღალ ხელფასს უხდიან, ვიდრე ქალს. მამაკაცის დისკრიმინაციაა, თუ სოციალურ მუშაკად სამუშაოდ მხოლოდ ქალებს მოიაზრებენ იმ საბაბით, რომ მათ მეტად აქვთ განვითარებული თანაგრძნობის უნარი.
სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე განიხილება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად. სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, მსხვერპლმა შეიძლება სულაც არ მიიღოს დაბალი ანაზღაურება ან უარი არ უთხრან დაწინაურებაზე, მაგრამ მისთვის შეუძლებელი იყოს საქმის შესრულება არასათანადო სექსუალური კომენტარების ან ქცევის გამო.
სექსუალურ შევიწროებას შეიძლება ჰქონდეს ორი ფორმა:
- „quid pro quo“ ანუ „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ“ მოიცავს ნებისმიერ ქცევას, რომელიც გამოიყენება ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის დასაქმების სტატუსზე (ხელფასის გაზრდა, დაწინაურება ან თუნდაც დასაქმების გაგრძელება);
- მტრული სამუშაო გარემო, რომელშიც ქცევა ქმნის მსხვერპლისთვის დამაშინებელ ან დამამცირებელ პირობებს.
მაგალითი შეუსაბამო სექსუალური ხუმრობები, რომელიც შექმნის ღირსების შემლახავ და მტრულ სამუშაო გარემოს, ჩაითვლება სექსუალურ შევიწროებად. ხელმძღვანელის მოთხოვნა, რომ თანამშრომლებმა მოითმინონ მსგავსი მოპყრობა, როგორც სამუშაოს მიღების ან შენარჩუნების პირობა, არის სექსუალური შევიწროება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად არის აღიარებული. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი პირდაპირ კრძალავს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას. ამ ნიშანს მოიცავს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონიც, რომელშიც სექსუალური შევიწროებაა განმარტებული. შევიწროება, მათ შორის სექსუალური შევიწროება, შრომის კოდექსით განისაზღვრება, როგორც დისკრიმინაცია.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური შევიწროება დამოუკიდებლად რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ დისკრიმინაციის პრაქტიკებს, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე გავრცელებულ სფეროებში.