პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა, რომელიც პირს რომელიმე ნიშნის გამო, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.
პირდაპირი დისკრიმინაცია ხშირად იმ გავრცელებული სტერეოტიპების შედეგია, რომლებიც ადამიანებს კონკრეტული ჯგუფების მიმართ გააჩნიათ.
იმისათვის, რათა დაადგინოთ, პირი გახდა თუ არა პირდაპირი დისკრიმინაციის მსხვერპლი, ამ ადამიანის მიმართ მოპყრობა უნდა შეედაროს იმ პირების მოპყრობას, რომლებსაც არ გააჩნიათ განსაკუთრებული მახასიათებელი (დაცული ნიშნები).
პირდაპირი დისკრიმინაციის შემთხვევები ხდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა შრომითი ურთიერთობები, საქონლისა და მომსახურების მიწოდება, სოციალური შეღავათები და განათლება.
გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ დისკრიმინაციის პრაქტიკებს, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცხოვრების ყველაზე გავრცელებულ სფეროებში.
მაგალითი შრომით ურთიერთობებში პირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითია, როდესაც პირს უარს ეუბნებიან სამსახურში აყვანაზე მხოლოდ იმიტომ, რომ არის ბოშა ან 45 წელს გადაცილებული ქალი. პირდაპირი დისკრიმინაციაა, როცა ქალს სამსახურიდან ათავისუფლებენ ორსულობის საფუძვლით ან როცა ერთი და იმავე საქმისთვის მამაკაცს ქალზე მეტს უხდიან. საგანმანათლებლო კონტექსტში პირდაპირი დისკრიმინაცია ხდება მაშინ, როდესაც სკოლაში არ იღებენ გარკვეული რელიგიური აღმსარებლობის ოჯახის შვილს. მომსახურების სფეროში პირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითია, როდესაც კლუბში შესვლის უფლებას არ აძლევენ პირს მისი კანის ფერის გამო ან როცა ვინმეს სასტუმროში არ ემსახურებიან, რადგან ის გეი ან ლესბოსელია.
პირდაპირი დისკრიმინაცია ასევე მოიცავს ისეთ სიტუაციებს, როდესაც ადამიანს უსამართლოდ ექცევიან სხვა პირებთან (როგორიცაა ნათესავთან, მეგობართან ან კოლეგასთან) კავშირის გამო. ამას ეწოდება დისკრიმინაცია სხვა პირთან კავშირის გამო.
მაგალითი დამსაქმებელი უარს ამბობს თანამშრომლის სასწავლო კურსზე გაგზავნაზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომელი ჰეტეროსექსუალია, იგი ღიად უჭერს მხარს ადგილობრივ ლგბტქი+ ორგანიზაციას.
პირდაპირი დისკრიმინაცია ასევე მოიცავს შემთხვევებს, როდესაც მცდარი ვარაუდის გამო ადამიანს უსამართლოდ ექცევიან. ეს არის დისკრიმინაცია ვარაუდის საფუძველზე.
მაგალითი ადამიანს არ სთავაზობენ სამუშაოს ან უარს ეუბნებიან მომსახურებაზე, რადგან დამსაქმებელს ან მომსახურების მიმწოდებელს ჰგონია, რომ ეს ადამიანი არის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ან ეთნიკური წარმომავლობის.
ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში, პირდაპირი დიფერენციალური მოპყრობა შეიძლება არ იყოს დისკრიმინაცია. ამ შემთხვევების შესახებ წაიკითხეთ მეტი გზამკვლევში.