დისკრიმინაციამ შეიძლება მიიღოს არასასურველი ქცევის ფორმა - შევიწროება.
შევიწროება არის არასასურველი ქცევა, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას ან ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ გარემოს. სექსუალური შევიწროება არის არასასურველი ფიზიკური, სიტყვიერი, არავერბალური ან სექსუალური ხასიათის ქცევა.
მიიჩნევა თუ არა კონკრეტული ტიპის ქცევა შევიწროებად, განისაზღვრება არა მოძალადის განზრახვით, არამედ მსხვერპლზე მისი ზეგავლენით.
შევიწროება შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა ისეთი ფორმით, როგორიცაა არასასურველი ფიზიკური ქცევა, შეურაცხმყოფელი ხუმრობები, პირადი შეურაცხყოფა, არასასურველი შენიშვნები პირის გარეგნობის, ეთნიკური წარმომავლობის ან ოჯახის სტატუსის შესახებ, გარიყვა კოლეგების მხრიდან, შეურაცხმყოფელი, სექსუალური ქცევა ან ბულინგი.
მაგალითი სამუშაო ადგილზე გარკვეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანების შესახებ შეურაცხმყოფელი ხუმრობების თქმა შეიძლება შევიწროება იყოს. კოლეგისთვის აშკარა სექსუალური შინაარსის შეტყობინებების გაგზავნა ჩაითვლება სექსუალური შევიწროებად.
უარყოფითი კომენტარები სხვისი სამუშაოს ხარისხზე, პიროვნული მახასიათებლების მითითების გარეშე, არ წარმოადგენს შევიწროებას.
მაგალითი სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული შენიშვნების შესახებ ელექტრონული წერილები, თუ დაწერილია ნეიტრალურად და ეხება რეალურ შესრულებას, არ არღვევს შევიწროების აკრძალვას.
საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვა მოიცავს სექსუალურ შევიწროებას ნებისმიერ სამუშაო ადგილას, საგანმანათლებლო და სამედიცინო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საკვებ/გასართობ/დასვენების ობიექტებში და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც შეიძლება მოხდეს სექსუალური შევიწროება. შევიწროება, მათ შორის სექსუალური შევიწროება, შრომის კოდექსით განისაზღვრება, როგორც დისკრიმინაცია.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური შევიწროება დამოუკიდებლად რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.