გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ერევა თქვენი აზრის გამოხატვაში. ეს,, ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო კრძალავს თქვენი მოსაზრებების გამოქვეყნებას ან გამოხატვას წინასწარ (წინასწარი შეზღუდვა) ან სანქციებს უწესებს ავტორს ან გამომცემელს  კონკრეტული ტექსტის, ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ (გამოქვეყნების შემდგომი შეზღუდვა).

წინასწარი შეზღუდვა

წინასწარი შეზღუდვა მიზნად ისახავს თქვენ მიერ შექმნილი მასალის გავრცელების თავიდან აცილებას მანამ, სანამ სხვა ადამიანებს ექნებათ მისი მიღების შესაძლებლობა. წინასწარი შეზღუდვის მაგალითებია სასამართლოს გადაწყვეტილება სტატიის ან წიგნის გამოქვეყნების აკრძალვის შესახებ ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება სატელევიზიო ან რადიო გადაცემის აკრძალვის შესახებ.

წინასწარი შეზღუდვები შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და გამართლებული უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზებით, მაგალითად, როგორიცაა გარკვეული ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების თავიდან აცილების აუცილებლობა.

ეს ზომები ხელს უშლის გამოხატვის თავისუფლების არსს, ანუ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებას, ამიტომ სასამართლოებმა უნდა გამოიყენონ ძალიან მკაცრი სტანდარტები, მსგავს საკითხზე მსჯელობისას.

გამოქვეყნების შემდგომი შეზღუდვა

გამოქვეყნების შემდგომი შეზღუდვები მიზნად ისახავს ავტორის, კომენტატორის ან გამომცემლის მიმართ სანქციების დაწესებას მას შემდეგ, რაც გამონათქვამი საჯარო გახდება. ეს, ჩვეულებრივ, ხდება მაშინ, როდესაც სასამართლომ ისინი უკანონოდ მიიჩნია. ყველაზე ხშირად გამოქვეყნების შემდგომი შეზღუდვები სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმას იღებს.

მაგალითი თუ ვინმეს რეპუტაცია დაზიანდა ყალბი ინფორმაციით, ან ღირსების შემლახავი ინფორმაციის გამოქვეყნებით, პირს შეიძლება დაეკისროს არამატერიალური ზიანის ანაზღაურება, კომპენსაციის გადახდა, ყალბი ინფორმაციის გაუქმება და/ან საჯაროდ  ბოდიშის მოხდა სხვა პირისთვის.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლის სამართლებრივი და დისციპლინური სანქციები. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე, შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობისას, მაგალითად, ძალადობის, ფიზიკური მუქარის ან სიძულვილის წაქეზების თავიდან ასაცილებლად. შეზღუდვები ყოველთვის უნდა იყოს პროპორციული იმ ლეგიტიმური მიზნისა, რომელსაც ისინი ემსახურება.

მაგალითი თუ საავადმყოფოს თანამშრომელი გაასაჯაროებს ცნობილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ან დაევალოს არამატერიალური ზიანის ანაზღაურება კონკრეტული პაციენტის მიმართ, საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით.

რესურსები

ბოლო განახლებები 02/10/2023