გარკვეულ სიტუაციებში თქვენი გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სხვების პირადი ცხოვრების დასაცავად.
გამოხატვის თავისუფლება vs პირადი ცხოვრების უფლება
გამოხატვის თავისუფლება შეიძლება დაუპირისპირდეს სხვა პირების უფლებას, საჯაროობისგან დაიცვან თავიანთი პირადი ცხოვრება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების უფლებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას შორის.
დავის შემთხვევაში, სასამართლოებს შეუძლიათ დააწესონ შეზღუდვები ისეთი განცხადებების ან პუბლიკაციის გავრცელებაზე, რომლებიც უსაფუძვლო მიზეზის გამო არღვევს პირის პირად ცხოვრებას. ამ შემთხვევაში, ერთი პირის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება მეორე პირის პირადი ცხოვრების დასაცავად.
პირადი ცხოვრების უფლება
პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს ოჯახურ ცხოვრებას, მათ შორის ინფორმაციას პიროვნების ადგილსამყოფლის, მიმოწერის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და არასაჯარო ცხოვრების სხვა ასპექტების შესახებ. პირადი ცხოვრების დეტალების გამოვლენა შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს და დაარღვიოს მისი დაცვის უფლება, რასაც შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი ან მავნე შედეგები.
შესაძლოა გამომცემლობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეც იყოს, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ სხვისი პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების უფლება აქვს. პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებამ შესაძლოა სხვა პირის პატივი და ღირსება შელახოს.
პიროვნების სტატუსი და საჯარო ინტერესი
ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება არსებობდეს საფუძვლიანი მიზეზი ვინმეს პირადი ცხოვრების დეტალების გასამჟღავნებლად, მაგალითად, როდესაც ის ეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს და ხელს უწყობს საჯარო დებატებს.
რა შეიძლება გამოაშკარავდეს და როდის ემსახურება ის საზოგადოების ინტერესებს, უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. მაგალითად, უნდა გაირკვეს, რამდენადაა დაკავშირებული პირის სტატუსი და მისი პირადი ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც ვრცელდება, საზოგადოებრივ ინტერესთან.
მაღალი თანამდებობის პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა ნაკლებად მკაცრად შეფასდება, ვიდრე უცნობი, კერძო პირის შემთხვევაში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ იცავს თანამდებობის პირის პირადი ცხოვრების უფლებას. დეტალები, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან, არ შეიძლება გავრცელდეს.
კანონიერი შეზღუდვა
პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაწესებული ნებისმიერი ზომა ან სანქცია, რომელიც ზღუდავს ავტორის ან გამომცემლის გამოხატვის თავისუფლებას, კანონიერი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ღონისძიება ან სანქცია უნდა:
- გამომდინარეობდეს კანონიდან;
- ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, დაიცვას სხვების პირადი ცხოვრება;
- უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული.
გზამკვლევის შესახებ
გზამკვლევის ამ ნაწილში გაეცნობით ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა ამა თუ იმ გამოცემამ სხვების პირადი ცხოვრების უფლება.