როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი უფლებები, თუ ფიქრობთ, რომ უკანონოდ შეიზღუდა თქვენი გამოხატვის თავისუფლება?
ნებისმიერი ზომა ან სანქცია, რომელიც ზღუდავს თქვენს გამოხატვის თავისუფლებას, უნდა იქნას მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი:
- გათვალისწინებულია კანონით;
- აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად - სხვისი პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად;
- პროპორციულია.
თუ სასამართლომ ან სხვა სამართალდამცავმა ორგანომ შეგიზღუდათ გამოხატვის თავისუფლება და ეს არ ეფუძნება ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს, თქვენ გაქვთ რამდენიმე გზა თქვენი უფლებების დასაცავად:
გასაჩივრება
თქვენი გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა შეიძლება დაკავშირებული იყოს კანონის გამოყენებისას სასამართლოს შეცდომასთან. მაგალითად, თქვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას სასამართლომ შეიძლება არ შეაფასოს და არ გაითვალისწინოს საზოგადოების ინტერესი თქვენ მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის მიმართ. ასეთ შემთხვევებში თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოში. თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს თქვენს საჩივარს, თქვენ ამჯერად შეგიძლიათ მიმართოთ უზენაეს სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
თუ ფიქრობთ, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული თქვენი რომელიმე უფლება და მისი დაცვა შიდა, ეროვნული მექანიზმებით სათანადოდ ვერ მოხერხდა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
კონსტიტუციური სარჩელი
თუ თქვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ეფუძნება კანონს, მაგრამ თვლით, რომ თავად კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. თქვენს საჩივარში შეგიძლიათ მოითხოვოთ გასაჩივრებული სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს თქვენს განცხადებას ან დაადასტურებს, რომ გასაჩივრებული სამართლებრივი ნორმა არ არღვევს გამოხატვის თავისუფლებას და თვლით, რომ ამოწურეთ თქვენი უფლებების დაცვის ყველა შესაბამისი შიდა მექანიზმი, შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
თუ სასამართლო დაადგენს, რომ ადგილი ჰქონდა თქვენი უფლებების დარღვევას, მას შეუძლია კანონი, საკანონმდებლო ნორმა გამოაცხადოს ძალადაკარგულად. სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს, ეს დებულება აღარ იქნება ძალაში გადაწყვეტილების გამოტანიდან თუ უფრო ადრეული დღიდან.