თუ სასამართლო დაადგენს, რომ თქვენ სათანადო დასაბუთების გარეშე გამოაქვეყნეთ ინფორმაცია ვინმეს პირადი ცხოვრების შესახებ, მოსამართლე დაგაკისრებთ სისხლის სამართლის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
ორივე შემთხვევაში, მოსამართლეს აქვს გარკვეული თავისუფლება, აირჩიოს, რამდენად მკაცრი უნდა იყოს მიღებული ზომა. აქედან გამომდინარე, მან უნდა შეაფასოს, მაგალითად, რა ოდენობის კომპენსაცია ან ჯარიმის ზომა იქნება დარღვევის პროპორციული.
ზედმეტად მკაცრმა, არაპროპორციულმა სანქციებმა შეიძლება დაარღვიოს გამოხატვის თავისუფლება მაშინაც კი, თუ თქვენმა განცხადებებმა დაარღვია ვინმეს პირადი ცხოვრების დაცვის უფლება.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
კონფიდენციალურობის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დაწესდეს შემდეგ შემთხვევებში:
- თქვენი მიმოწერის განზრახ დარღვევის შემთხვევები, მაგალითად, თქვენი სატელეფონო საუბრების მოსმენა ან ელფოსტის შინაარსის გამოქვეყნება;
- შემთხვევები, როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემები უკანონოდ იქნა გამოყენებული და რამაც არსებითი ზიანი მოგაყენათ;
- შემთხვევები, როდესაც თქვენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია უკანონოდ იქნა მოპოვებული და გავრცელებული.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ნებისმიერი დარღვევა შეიძლება არ იყოს სისხლის სამართლის საქმე. ეს ქმედება რომ დანაშაულად მივიჩნიოთ, ის კანონით გათვალისწინებული ელემენტებს უნდა შეიცავდეს. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როგორც წესი, გამონაკლისია, რადგან ის სანქციასთან ერთად, დაკავშირებულია დამატებით ისეთ შეზღუდვასთან, როგორიცაა ნასამართლობა, რამაც შეიძლება შეზღუდოს პირის შესაძლებლობა, მომავალში იმუშაოს გარკვეული პროფესიით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამ ასევე შეიძლება შეაფერხოს მედია მომავალში თავისი სამუშაოს შესრულებისას.
აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების რეალური აუცილებლობა იმის გათვალისწინებით, რომ ნაკლებად შემზღუდავი ზომები ხელმისაწვდომია იმ პირისთვის, რომლის პირადი ცხოვრება დაირღვა. მაგალითად, ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა სამოქალაქო სამართალწარმოებით.
სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებები: კომპენსაცია და ბოდიში
ხშირ შემთხვევაში, პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისას საჩივრის შეტანა ხდება სასამართლოში სამოქალაქო სამართლებრივი დაცვისთვის, რაც, ჩვეულებრივ, მოიცავს ფულად კომპენსაციას ან ბოდიშის მოხდას. როდესაც მოსამართლე წყვეტს დაცვის საშუალების სახეს ან კომპენსაციის ოდენობას, მან უნდა უზრუნველყოს პროპორციულობა თქვენი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და სხვისი პირადი ცხოვრების უფლების დაცვას შორის. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ უნდა შეაფასოს:
- პირადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის გამჟღავნების მიზანი;
- პირად ცხოვრებაში შეჭრის სიმძიმე (მაგალითად, ძალიან ინტიმური ან უხერხული ფოტოების გამოქვეყნება ან პირადი, მაგრამ საკმაოდ ნეიტრალური ფაქტების გამოვლენა ვინმეს ადგილსამყოფლის შესახებ);
- პიროვნებისთვის მიყენებული ზიანი;
- ზიანის ოდენობა.