ყველა ადამიანს აქვს უფლება, ნებისმიერი ფორმით გააზიაროს და გაავრცელოს საკუთარი მოსაზრებები, იდეები და ინფორმაცია. გამოხატვის თავისუფლებით აკრძალულია ცენზურა და მისი შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ლეგიტიმური მიზნით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

დემოკრატია

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი უფლებაა. ის იძლევა იდეების, მოსაზრებებისა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის შესაძლებლობას და ამით საზოგადოების წევრებს საშუალებას აძლევს, ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი მნიშვნელოვან საკითხებზე. გამოხატვის თავისუფლება ახალისებს საჯარო დებატებს და მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ პრესას, ინფორმირებულ მოქალაქეობას და სახელმწიფოს გამჭვირვალე ფუნქციონირებას.

გამოხატვის თავისუფლების ფარგლები

გამოხატვის თავისუფლება იცავს თითქმის ყველა ფორმას, რომლითაც შეგიძლიათ გამოხატოთ საკუთარი აზრი, მიუხედავად თქვენი შეტყობინების შინაარსის და ტონისა. ის მოიცავს:

  • სივრცეს  (საჯაროს და კერძოს);
  • მიზნებს (პოლიტიკურს, მხატვრულს და კომერციულს);
  • ფორმებს (სიტყვებს, სურათებს და ბგერებს);
  • მედიას (ფილმებს, მულტფილმებს, რადიოს, ტელევიზიას და სოციალური მედიას).

მაგალითი ინტერნეტ პორტალის სტატიაზე კომენტარი, სიმღერა საჯარო ადგილას, რეკლამა ქუჩაში, რომელიც გამოხატავს გარკვეულ იდეას.

გამოხატვის თავისუფლება გიცავთ თქვენი გამოხატვის გაუმართლებელი შეზღუდვებისგან, მაგრამ ის არ გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი იდეების გამოხატვის საშუალებებზე გექნებათ წვდომა. 

მაგალითი ჟურნალს ან ინტერნეტ პორტალს შეუძლია უარი თქვას თქვენი სტატიის ან კომენტარის გამოქვეყნებაზე ან კომპანიამ სოციალურ მედიაში შესაძლოა წაშალოს თქვენი კომენტარი.

შეზღუდვები

გამოხატვის თავისუფლება ძალიან ფართო ცნებაა, თუმცა ის არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა შესაძლებელია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება არღვევს მეორე ადამიანის უფლებებს ან მთლიანად საზოგადოების ღირებულებებს. მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოს შეუძლია კანონიერად შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ამის მაგალითებია პირადი ცხოვრების დარღვევა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უხამსობა, პორნოგრაფია, საზოგადოებრივი წესრიგი, ეროვნული უსაფრთხოება, საიდუმლო ინფორმაცია, კომერციული საიდუმლოება ან საავტორო უფლებების დარღვევა.

 
ნებისმიერი ზომა, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, უნდა იყოს განსაზღვრული კანონით, შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ საფუძვლიანი მიზეზებით (ლეგიტიმური მიზანი) და უნდა იყოს გამონაკლისი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.

წაიკითხეთ მეტი კანონიერი შეზღუდვებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

სიძულვილის ენა

გამოხატვის თავისუფლებას აქვს საზღვრები და მისი შეზღუდვა შესაძლებელია. სიძულვილის ენა არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით და ის გარკვეულ ვითარებაში დასჯადია.. სიძულვილის ენა არის ნებისმიერი სახის წაქეზება, სიძულვილისა და ძალადობის გავრცელება ინდივიდის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ, გარკვეული ისეთი ნიშნის საფუძველზე, როგორიცაა რასა, ეთნიკური კუთვნილება, სქესი, ასაკი, სექსუალური ორიენტაცია, რწმენა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. სიძულვილის ენა ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ღირებულებებს, შესაბამისად, სახელმწიფოს შეუძლია კანონიერად აღკვეთოს იგი.

წაიკითხეთ მეტი სიძულვილის ენის შესახებ.

მედიის თავისუფლება

გამოხატვის თავისუფლება მედიას განსაკუთრებულ უფლებებსა და მოვალეობებს ანიჭებს. მედია ავრცელებს ინფორმაციას საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას საჯარო დებატებისა და რეფლექსიისთვის. მაშასადამე, დამოუკიდებელი მედია და ხარისხიანი ჟურნალისტიკა ითვლება დემოკრატიული საზოგადოების „დარაჯად“.

ჟურნალისტებსა და მედიას, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში,   თავიანთი მოვალეობების შესრულებისას შესაბამისი გარანტიები გააჩნიათ. მაგალითად, ჟურნალისტურ წყაროებს განსაკუთრებული დაცვა აქვთ საჯარო ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაშუქებისას. დაუშვებელია ჟურნალისტებს მოვთხოვოთ თავიანთი წყაროების გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

წაიკითხეთ უფრო მეტი მედიის თავისუფლების შესახებ.

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

გამოხატვის თავისუფლება ასევე ითვალისწინებს შესაძლებლობას, თავისუფლად გააზიაროთ და მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. მაგალითად, კონკრეტული გაზეთის ან ვებსაიტის წაკითხვით, რადიო ან სატელევიზიო პროგრამის მოსმენით. ის ასევე მოიცავს მოქალაქის უფლებას, მიიღოს როგორც საჯარო, ისე, გარკვეულ პირობებში, შეზღუდული ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებიდან.

წაიკითხეთ უფრო მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 02/10/2023