სიძულვილის ენა ხელს უწყობს სიძულვილის ან ძალადობის გაღვივებას პიროვნების ან პირთა ჯგუფის მიმართ გარკვეული ნიშნის საფუძველზე. ის იწვევს სხვადასხვა ჯგუფის დისკრიმინაციას, რაც არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით.

განმარტება

სიძულვილის ენა არის სიძულვილის და ძალადობის ნებისმიერი სახის წაქეზება, გავრცელება ან გამართლება პიროვნების ან პირთა ჯგუფის მიმართ გარკვეული ისეთი ნიშნების საფუძველზე, როგორიცაა სქესი, სექსუალური ორიენტაცია, რასა, ეთნიკური კუთვნილება, ეროვნება, ენა, სოციალური მდგომარეობა, რელიგია ან სხვა შეხედულებები.

რა შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად?

არსებობს ზღვარი, თუ რა შეიძლება და არ შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სიძულვილის ენა განასხვაოთ სხვა შეურაცხმყოფელი, არაპოპულარული შეხედულებებისა და გამონათქვამებისგან. მაგალითად, განცხადება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის აზრს, მიჩნეული იყოს შეურაცხმყოფლად, მაგრამ ამან შეიძლება ავტომატურად არ გამოიწვიოს სიძულვილი ან ძალადობა.

სიძულვილის ენა vs გამოხატვის თავისუფლება

სიძულვილის ენა ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ღირებულებებს. ის იწვევს ან ამართლებს ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობას გარკვეული ნიშნის საფუძველზე. შესაბამისად, სიძულვილის ენა არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით და ზოგიერთ შემთხვევაში, თუ იგი ახალისებს ძალადობას, შეიძლება ჩაითვალოს  დანაშაულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ გამოხატვის იმ ფორმებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად, ასევე ინფორმაციას სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობისა და გასაჩივრების  შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 14/09/2023