სიძულვილის ენა ხელს უწყობს სიძულვილის ან ძალადობის გაღვივებას პიროვნების ან პირთა ჯგუფის მიმართ გარკვეული ნიშნის საფუძველზე. ის არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით და შეიძლება კანონიერად აღიკვეთოს და დაისაჯოს.

განმარტება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად მიიჩნევა რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური და სხვა ნიშნის მქონე ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება, რაც ქმნის ძალადობის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ამგვარი მოწოდება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით, წერილობით ან ზეპირად გავრცელდეს.

რა შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად?

არსებობს ზღვარი, თუ რა შეიძლება და არ შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად. მნიშვნელოვანია, სიძულვილის ენა განასხვაოთ სხვა შეურაცხმყოფელი, არასასიამოვნო ან არაპოპულარული შეხედულებებისა და გამონათქვამებისგან. მაგალითად, განცხადება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის აზრს, მიჩნეული იყოს შეურაცხყოფად, მაგრამ ამან შეიძლება არ გამოიწვიოს სიძულვილი ან ძალადობა. წაიკითხეთ უფრო მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნოთ სიძულვილის ენა.

გამოხატვის ფორმები

სიძულვილის ენა მოიცავს არა მხოლოდ საჯარო სიტყვიერ განცხადებებს, არამედ შეიძლება გამოხატული იყოს სხვა ისეთი ფორმებით, როგორიცაა ფოტოები, ფილმები, მულტფილმები და ა.შ.

მაგალითი სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც აფრიკელი ემიგრანტების მისამართით დისკრიმინაციულ ენას იყენებენ ან სტატიების სერია, სადაც კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს წარმოაჩენენ ქვეყანაში ბოროტების წყაროდ და საჯაროდ მოუწოდებენ ამ ჯგუფის მიმართ ძალადობისკენ.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სიძულვილის ენა შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა გზით, მათ შორის ინტერნეტითაც. სიძულვილის ენა და პროპაგანდა ინტერნეტში გაძლიერებულია და მისი შედეგები არ არის შეფასებული. მომხმარებლები, რომლებიც სიძულვილის ენას ავრცელებენ, ფიქრობენ, რომ ისინი დაცულები არიან თავიანთი ანონიმურობით და აქვთ დაუსჯელობის განცდა. ასეთი აზროვნება არასწორია, რადგან ქვეყანაში სამართალდამცავები სხვადასხვა საჭირო ზომას ატარებენ ინტერნეტში  სიძულვილის ენის გამოყენებასთან საბრძოლველად.

მაგალითი პირთა კომენტარები ინტერნეტ საინფორმაციო პორტალზე, რომელიც შეიცავს პირად მუქარას ან შეურაცხმყოფელ ენას და მიმართულია საინფორმაციო სტატიაში მოხსენიებული პირების წინააღმდეგ.

სიძულვილის ენა vs გამოხატვის თავისუფლება

სიძულვილის ენა ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ღირებულებებს, რადგან ის ხელს უწყობს შეუწყნარებლობას, სიძულვილს და ძალადობას სხვა ადამიანების მიმართ. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ადამიანის უფლებები, ღირსება და შეინარჩუნოს სოციალური მშვიდობა. ამისათვის მან უნდა აღკვეთოს სიძულვილის ენა, შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია. შესაბამისად, სიძულვილის ენის შეზღუდვა არ არღვევს გამოხატვის თავისუფლებას.

სისხლის სამართლის დანაშაული

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას. ამავდროულად, კანონმდებლობა დასჯადად მიიჩნევს რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური და სხვა ნიშნის მქონე ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისკან მოწოდებას, რაც ქმნის ძალადობის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

წაიკითხეთ მეტი პასუხისმგებლობის შესახებ.

კომპენსაცია

ამგვარი ქმედების მსხვერპლს უფლება აქვს, მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია მისი ავტორებისგან ან გამავრცელებლებისგან სამოქალაქო სარჩელის სასამართლოში შეტანით.

წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ იჩივლოთ

რესურსები

ბოლო განახლებები 16/11/2023