სიძულვილის ენას შეიძლება ჰქონდეს მრავალი ფორმა, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს კონკრეტული გამოხატვა სიძულვილის ენად.

პირად კომუნიკაციაში გამოხატული სიძულვილის ენის ფორმები

შესაძლოა ყველა ტიპის არასასიამოვნო საუბარი არ გამოხატავდეს სიძულვილს კონკრეტული ჯგუფის მიმართ. ამ ქმედების შეფასებისას მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოტივი და მიზანი. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს უხეში ტაქტი რაც შეიძლება ყველასთვის მოსაწონი ან მისაღები არ იყოს, თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად, ყველა შემთხვევაში სიძულვილის ენად არ შეიძლება ჩაითვალოს. 

მაგალითი ორი მეგობარი ვიდეო თამაშისას რასისტულ ხუმრობებს უზიარებს ერთმანეთს.

ეს პირადი კომუნიკაცია, დიდი ალბათობით, არ მიიჩნევა სიძულვილის ენად, რადგან სიძულვილის ენის მიზანია, საჯაროდ გააღვივოს სიძულვილი კონკრეტულ პირთა ჯგუფის მიმართ. შესაბამისად, ეს არ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა და არ დაისჯება. თუმცა შესაძლებელია პირად კომუნიკაციაში გამოხატული სიძულვილის ენა გახდეს საჯარო და  გამოიწვიოს პირის ან ჯგუფის დისკრიმინაცია. ამგვარად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ცნობიერების ამაღლება სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ.

საჯაროდ გამოხატული სიძულვილის ენა

საჯაროდ გამოხატული სიძულვილი მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია როგორც კონკრეტულ პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ, ვისაც ეს მიემართება, ასევე, ზოგადად, დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებების მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სასჯელის დამამძიმებელ ფაქტორად განიხილება დანაშაულის ჩადენა ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის საფუძველზე, მათ შორის შეუწყნარებლობის მიზეზით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად არის მიჩნეული ძალადობის საჯაროდ წაქეზება, ცალკეულ ჯგუფებს შორის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, უთანხმოების გამოწვევის მიზნით.  სიძულვილის ენას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმები და გავრცელდეს არა მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში, არამედ ინტერნეტშიც. მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზანი. მაგალითად, რელიგიური ან რასობრივი სიძულვილის გაღვივება, ომის დანაშაულების გამართლებას  და ა.შ.

მაგალითი ადამიანთა ჯგუფმა გამართა აქცია ადგილობრივ ეკლესიასთან, სადაც ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ ეკლესიის მრევლს.

სიძულვილის ენა ინტერნეტში

სიძულვილის ენას ხშირად ვხვდებით სოციალურ ქსელებში, რადგან, სამწუხაროდ, ონლაინ სივრცეში უფრო რთულია მისი კონტროლი. ხშირად ადამიანები მიიჩნევენ, რომ მათი კომუნიკაცია უფრო მეტად დაცულია ვირტუალურ სივრცეში და მათ შორის სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდება ან სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოხატვა არ არის დასჯადი. თუმცა ასეთი მოსაზრება არასწორია, რადგან ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, მიიღოს ზომები ნებისმიერი გზით გავრცელებული თუ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ. პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს იმ პლატფორმებსა და პორტალებსაც, რომლებიც ქმნიან პირობებს სიძულვილის ენის გავრცელებისთვის და დროულად არ იღებენ პრევენციის ზომებს. 

რაში შეიძლება გამოიხატოს სიძულვილი

ამას შესაძლოა სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. ის შეიძლება გამოიხატოს გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და ომის დანაშაულთა და ომის გამართლებაში, უხეშ ტრივიალიზაციაში ან განდიდებაში, რომლებიც მიმართულია პირთა ჯგუფის ან ამ ჯგუფის წევრების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ჯგუფების მიმართ სიძულვილის მეტად გაღვივებას, მათ მიმართ ძალადობის წახალისებას.  

მაგალითი სატელევიზიო ინტერვიუს დროს ადამიანი ამტკიცებს, რომ ჰოლოკოსტმა გამოიწვია მხოლოდ რამდენიმე ებრაელის და არა მილიონების სიკვდილი, რითაც ეჭვქვეშ აყენებს ამ დანაშაულის არსებობას და მაყურებელს მსგავსი ტიპის ქმედებისკენ მოუწოდებს.

რესურსები

ბოლო განახლებები 16/11/2023