გარკვეულ სიტუაციებში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სხვათა რეპუტაციის, პატივის ან ღირსების დასაცავად.
გამოხატვის თავისუფლება vs რეპუტაცია
კრიტიკის გამოქვეყნებას ან უხეში აზრის საჯაროდ გამოხატვას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს სხვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განცხადება არის მცდარი ან ნაწილობრივ არასწორი. ცილისწამება არის ყალბი ან ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია, რომელიც ზიანს აყენებს სხვა პირის, ჯგუფის ან კომპანიის რეპუტაციას.
დავის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია დააწესოს შეზღუდვები და პასუხისმგებლობები ინფორმაციის, კრიტიკის ან უხეში, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოსაზრებების გამოქვეყნებისთვის, თუ ისინი საზიანოა, მცდარია ან არ გააჩნია საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი. ამ შემთხვევაში, ერთი პირის გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მეორე პირის რეპუტაციის, პატივის ან ღირსების დასაცავად.
ფაქტობრივი საფუძველი
სასამართლო განიხილავს, აქვს თუ არა სადავო განცხადებას დასაბუთებული და სანდო საფუძველი. ავტორმა ან გამომცემელმა უნდა დაამტკიცოს, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეა.
მაგალითი თუ საჯაროდ აცხადებთ, რომ ვიღაცამ მოატყუა თავისი მეუღლე, ამ ადამიანმა შეიძლება გიჩივლოთ რეპუტაციის შელახვისთვის. სასამართლოში მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ გაქვთ გარკვეული ფაქტები, რომლებიც ამ განცხადებას ადასტურებს.
პიროვნების სტატუსი და საზოგადოებრივი ინტერესი
განცხადების დასაშვებობა და საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლის არსებობა უნდა შეფასდეს ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. დასაშვები კრიტიკა და მისი მხარდამჭერი ფაქტობრივი საფუძვლის ხარისხი ასევე დამოკიდებულია ჩართული პირის სტატუსზე და მის მიმართ საზოგადოებრივ ინტერესზე. საჯარო პირის შემთხვევაში, რომლის ქმედებები იწვევს საჯარო ინტერესის მაღალ დონეს, განცხადების მხარდასაჭერად ფაქტობრივი საფუძვლის ხარისხი შეფასდება ნაკლებად მკაცრად, ვიდრე უცნობი კერძო პირის შემთხვევაში.
მაგალითი განცხადება, რომელიც ვარაუდობს, რომ პოლიტიკოსს შეიძლება ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი მცირე მტკიცებულებების საფუძველზე, განიხილება ნაკლებად მკაცრად, ვიდრე დავა, რომელშიც მონაწილეობს კერძო პირი.
კანონიერი შეზღუდვები
სასამართლოს მიერ დაწესებული ნებისმიერი ზომა ან სანქცია, რომელიც ზღუდავს ავტორის ან გამომცემლის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა იყოს კანონიერი. ეს ნიშნავს, რომ მიღებული ზომა უნდა იყოს:
- კანონით გათვალისწინებული;
- ემსახურებოდეს სხვათა რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს;
- აუცილებელი და პროპორციული.
გზამკვლევის შესახებ
გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ წაიკითხოთ მეტი ცილისწამების შემთხვევების და მასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ.