განსხვავება
ცილისწამების საქმეებში აუცილებელია განასხვაოთ:
ფაქტები
თუ სადავო განცხადება ან პუბლიკაცია მოიცავს ფაქტებს, ავტორმა ან გამომცემელმა უნდა დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე, რომ ეს ფაქტები ნამდვილად შეესაბამება სინამდვილეს.
მოსაზრებები
თუ სადავო განცხადება ან პუბლიკაცია მოიცავს მოსაზრებებს, ავტორმა ან გამომცემელმა უნდა დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე, რომ არსებობდა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი მის დასასაბუთებლად.
ფაქტები
ფაქტები არის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ობიექტურად დადასტურდეს, როგორც ჭეშმარიტი ან მცდარი. ამიტომ, თუ თქვენ გაავრცელებთ ინფორმაციას, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს სხვა პირის რეპუტაციას, თქვენ მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეა.
მაგალითი თუ თქვენ საჯაროდ განაცხადებთ, რომ ქალაქის მერმა ქრთამი აიღო კომპანიისგან, რომელსაც სურდა ტენდერის მოგება, მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ ეს განცხადება სიმართლეა.
მოსაზრებები
გარკვეული მოვლენის ან პიროვნების შესახებ აზრი ან ღირებულებითი განსჯა არის თქვენი სუბიექტური მოსაზრება, რომელიც შექმნილია თქვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე. ღირებულებითი მსჯელობა სუბიექტურია და შესაბამისად, არავის შეუძლია, ობიექტურად გადაამოწმოს ან დაამტკიცოს, არის თუ არა იგი ჭეშმარიტი ან მცდარი.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პიროვნების კრიტიკულ განსჯას არ უნდა ჰქონდეს რაიმე კავშირი რეალობასთან. კრიტიკული მოსაზრებები, განსაკუთრებით, თუ ისინი გამოთქმულია შეურაცხმყოფელი ენით, შეიძლება იყოს გადაჭარბებული, მითუმეტეს თუ მათ აქვთ არასაკმარისი ფაქტობრივი საფუძველი.
მაგალითი თუ თქვენ საჯაროდ გააკრიტიკეთ ვინმე და უწოდეთ მას „მატყუარა“, შეუძლებელია მოგთხოვონ თქვენი აზრის სიმართლის დამტკიცება. თუმცა, თქვენ უნდა შეგეძლოთ რამდენიმე ფაქტის აღნიშვნა მაინც, იმის დასასაბუთებლად, რომ ამ ადამიანმა მოიტყუა.
ფაქტობრივი საფუძველი
ფაქტობრივი საფუძვლის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია ბრალდებები. რაც უფრო სერიოზული და ზუსტია ბრალდება, მით უფრო ზუსტი და სანდო უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი.
მაგალითი თუ საჯაროდ აცხადებთ, რომ ვინმე ქურდია, უნდა გქონდეთ მყარი ფაქტობრივი საფუძველი თქვენი აზრის დასასაბუთებლად.
შეფასება
ფაქტების მოსაზრებებისგან გასამიჯნად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ არა მხოლოდ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობა, არამედ:
- განცხადებების კონტექსტი;
- როგორ აღიქვამს მათ აუდიტორია;
- ავტორის მიერ მათთვის მინიჭებული მნიშვნელობა.
ხშირ შემთხვევაში, ძნელია იმის შეფასება, გარკვეული განცხადება მოსაზრებაა თუ ფაქტი. მაშინ, როდესაც ღირებულებითი მსჯელობა ახლოს არის ფაქტთან, განცხადების ავტორს ან გამომცემელს შეიძლება არ მოეთხოვოს, დაამტკიცოს თავისი აზრის სიმართლე, არამედ მოეთხოვოს, წარმოადგინოს ფაქტები, რომლებიც საკმარისია აზრის დასასაბუთებლად.