მედიის განსაკუთრებულ უფლებებსა და თავისუფლებებს თან ახლავს განსაკუთრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
მედიას მეტი თავისუფლება ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იმოქმედებს კეთილსინდისიერად, დაეყრდნობა ზუსტ ფაქტებს და საზოგადოებას მიაწვდის სანდო და უტყუარ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით. გზამკვლევის ამ ნაწილში გაეცნობით ინფორმაციას მედიის ვალდებულების შესახებ:
- უზრუნველყოს ჭეშმარიტი ინფორმაცია და გადაამოწმოს მათი წყაროების სიზუსტე;
- მკაფიოდ განასხვაოს ახალი ამბები და მოსაზრებები;
- მოერიდოს უხეში, შეურაცხმყოფელი ენის გამოყენებას პიროვნების მიმართ, როდესაც მისი გამოყენება არ არის გამართლებული.
ჟურნალისტები ვალდებულები არიან, საზოგადოებას მიაწოდონ ჭეშმარიტი ინფორმაცია გადამოწმებული ფაქტებითა და ზუსტი წყაროებით. რაც უფრო სერიოზულია ბრალდება, მით უფრო ზუსტი და სანდო უნდა იყოს ფაქტებიც.
მაგალითი თუ ჟურნალისტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული ან რაიმე უკანონო ქმედება, მან უნდა შეამოწმოს, რომ მისი წყაროები და ფაქტები ზუსტი და სანდოა.
ჟურნალისტებმა უსაფუძვლოდ არ უნდა ჩათვალონ, რომ ისეთი წყაროები, როგორიცაა ანონიმური წერილები ან დავაში პირადად მონაწილე პირების განცხადებები, სიმართლეს შეესაბამება. ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტებმა უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, მაგალითად, სხვა ხელმისაწვდომ წყაროებთან კონსულტაციებით ან დაინტერესებული პირისგან კომენტარების მოთხოვნით.
გამონაკლისი მედიას არ უწევს წყაროების გადამოწმება და დამოუკიდებელი კვლევის ჩატარება, თუ მათი პუბლიკაციები ეყრდნობა ოფიციალურ ანგარიშებს ან საჯარო დაწესებულებების მიერ მოწოდებულ სხვა ინფორმაციას. მაგალითად, ასეთი საჯარო ინფორმაცია შეიძლება იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაცია ან პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები.
ჟურნალისტებმა მკაფიოდ უნდა განასხვაონ ახალი ამბები და მოსაზრებები, რომლებსაც ისინი საზოგადოებას აწვდიან. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მკითხველმა შეძლოს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება თემაზე.
ახალი ამბები
ახალი ამბები მოიცავს ფაქტებსა და მონაცემებს, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია. ამიტომ მედიის მიერ გავრცელებული ახალი ამბები უნდა იყოს ჭეშმარიტი, გადამოწმებული და მტკიცებულებებით დადასტურებული.
მოსაზრებები
მოსაზრებები მოიცავს ჟურნალისტებისა და მედია კომპანიების აზრებს, იდეებს, რწმენას ან შეფასებებს. მაგალითად, მოსაზრებები შეიძლება გამოითქვას, როგორც კომენტარები ზოგად იდეებზე ან შენიშვნები - სიახლეებზე, რომლებიც ეხება რეალურ მოვლენებს.
მოსაზრებები ყოველთვის სუბიექტურია, რის გამოც შეუძლებელია მათი ნამდვილობის შემოწმება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კრიტიკულ მოსაზრებებს გარკვეული პიროვნების შესახებ არ უნდა ჰქონდეს რაიმე ფაქტობრივი საფუძველი. მოსაზრებები, რომლებსაც არ გააჩნია საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი, შეიძლება ჩაითვალოს გადაჭარბებულად და გადალახოს გამოხატვის თავისუფლების საზღვრები.
რა შეიძლება იყოს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი, დამოკიდებულია ბრალდებების სერიოზულობაზე და მისი შეფასება უნდა მოხდეს კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. თუმცა, რაც უფრო სერიოზულია ბრალდება, მით უფრო ზუსტი და სანდო უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი.
მაგალითი თუ ჟურნალისტი აქვეყნებს ძალიან მნიშვნელოვან ბრალდებას, რომ გარკვეული პოლიტიკოსი არის მოძალადე, მას უნდა ჰქონდეს მყარი ფაქტობრივი საფუძველი თავისი აზრის დასაბუთებისთვის.
ჟურნალისტებმა არ უნდა გამოიყენონ ზედმეტად შეურაცხმყოფელი სიტყვები უარყოფითი აზრის გამოსახატად. თუმცა საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისას, მათ შეუძლიათ კრიტიკული ენის გამოყენებაც, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული რეპორტაჟის კონტექსტში.
მაგალითი ჟურნალისტის მხრიდან ვინმეს მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება მიუღებელია. ჟურნალისტმა არ უნდა გამოიყენოს ისეთი ენა, რომელიც გამოიწვევს პირის დისკრიმინაციას ან შელახავს მის ღირსებას.