მსხვერპლთა სამართლებრივი დახმარება აუცილებელია, რადგან ოჯახში ძალადობის საქმეები ხშირად მოიცავს იურიდიულ საკითხებს - პოლიციის ან სასამართლოს დაცვის ორდერებს, სისხლის სამართლის პროცესებს, ასევე სამოქალაქო სასამართლო პროცესებს განქორწინებასა და ბავშვის მზრუნველობის საკითხებთან დაკავშირებით.
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებში იურიდიული დახმარება მსხვერპლთათვის გადამწყვეტია. ზოგიერთი პროცესი, როგორიცაა სასამართლოში მიმართვა დროებითი დაცვის ორდერისთვის, არ არის ძალიან რთული და შეიძლება განხორციელდეს იურიდიული ცოდნის გარეშეც. თუმცა, ვინაიდან ასეთ სიტუაციებში მოძალადეების მხრიდან გარკვეული ქმედებები შეიძლება განხორციელდეს, რეკომენდებულია იურიდიული დახმარების გამოყენება. სამართლებრივი დახმარება, პროცედურული სირთულის გამო, ძალზე მნიშვნელოვანია ისეთ სამოქალაქო სასამართლო პროცესებში, როგორიცაა განქორწინებისა და ბავშვის მზრუნველობის საკითხები.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უფლება აქვს, მიიღოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური რეაბილიტაციის სერვისები თავშესაფრებში და კრიზისულ ცენტრებში, რაც ასევე მოიცავს იურიდიულ კონსულტაციას, რათა მსხვერპლმა უსაფრთხოდ დატოვოს ძალადობრივი გარემო.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ასევე შეუძლიათ მიიღონ უფასო სამართლებრივი მომსახურება იურიდიული დახმარების სამსახურისგან, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიული დოკუმენტაციის შედგენას და ადვოკატთა წარმომადგენლობას (სასამართლო წარმომადგენლობა), თუ მსხვერპლი გადახდისუუნაროა. პირი ითვლება გადახდისუუნაროდ და უფლებამოსილია, ისარგებლოს იურიდიული მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ ის არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი. იურიდიული მომსახურების გაწევა განსაკუთრებულ ვითარებაში შესაძლებელია იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო ვერ ახერხებენ იურიდიული დახმარების ხარჯების დაფარვას.
თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ რაიმე ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში დარეკოთ სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 116 006 ან 112.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ან მუნიციპალური დაწესებულებები კანონიერი საფუძვლის გარეშე უარს ამბობენ მსხვერპლთათვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების მიწოდებაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებების დარღვევა.
სიცოცხლის უფლება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება
სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის სისტემის შეუსრულებლობამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის უფლების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან წამების აკრძალვის და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა.
დისკრიმინაციის აკრძალვა
ოჯახური ძალადობა ქალების დისკრიმინაციის ფორმად ითვლება, რადგან ის, ძირითადად, ქალებს ეხება. თუ სახელმწიფო (ამ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები) ეფექტურად ვერ რეაგირებს და დახმარებას არ უწევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევა, მათ შორის სიცოცხლის უფლების და/ან არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან წამების აკრძალვის და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა.
სამართლიანი სასამართლოს უფლება
გარკვეულ პირობებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით სისხლის სამართლის ან სამოქალაქო სამართალწარმოებისას. თუ მსხვერპლის მიმართ უსამართლო პროცესი მიმდინარეობს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.