პოლიცია არის სამართალდამცავი ორგანო, რომელიც ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, თუ საფრთხე ემუქრება პირის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. პოლიციას უფლება აქვს, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე და უზრუნველყოს მოძალადის მხრიდან შემდგომი თავდასხმებისგან მსხვერპლთა უსაფრთხოება.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ოჯახში ძალადობა არ არის მხოლოდ „ოჯახური კონფლიქტი“, არამედ არის ადამიანის უსაფრთხოების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის უფლების სერიოზული დარღვევა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არ კარგავენ ადამიანის უფლებებს პარტნიორებთან ან მეუღლეებთან ურთიერთობის დაწყებით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და ოჯახში ძალადობა განიხილოს, როგორც დანაშაული.

პოლიციას კანონიერი ვალდებულება აქვს, რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. ამიტომ, თუ თქვენ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და თქვენს უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თავის დასაცავად თქვენ გაქვთ უფლება, დარეკოთ პოლიციაში (112-ზე). ფაქტობრივად, პოლიციაარის ის უწყება, ვინც პირველი რეაგირებს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე.

ვის შეუძლია მიმართოს პოლიციას?

ხშირ შემთხვევაში, ოჯახში ძალადობის დროს მსხვერპლს არ აქვს პოლიციის გამოძახების შესაძლებლობა. ოჯახში ძალადობის ბევრი მსხვერპლი აცხადებს, რომ როგორც კი ტელეფონს იღებენ პოლიციაში დასარეკად, მოძალადე ართმევს მათ ტელეფონს ან მეორე მხრივ, მსხვერპლი შეიძლება თავს იკავებდეს პოლიციისთვის მიმართვისგან, რადგან მოძალადის მუქარის ეშინოდეს.

მნიშვნელოვანია პოლიციაში დარეკვა და ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ასევე ძალადობის შემდეგ, როდესაც მსხვერპლს ექნება ამის საშუალება.

აუცილებელი არაა, რომ თავად დაზარალებულებმა გამოიძახონ პოლიცია. ამის გაკეთება შეუძლია ოჯახში ძალადობის ნებისმიერ მოწმეს, მაგალითად, მეზობლებს, რომლებმაც შეიტყვეს ოჯახში ძალადობის ფაქტი ან ბავშვს, რომელიც არის ოჯახში ძალადობის მოწმე და, შესაბამისად, თავადაც მსხვერპლი. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლს არ აქვს შესაძლებლობა, დარეკოს 112-ზე, მაგრამ შეუძლია გაუგზავნოს შეტყობინება მეგობარს ან ოჯახის სხვა წევრს, რომელსაც შეუძლია დარეკოს პოლიციაში და შეატყობინოს თავდასხმის შესახებ, რაზეც პოლიციამ უნდა მოახდინოს რეაგირება.

ბავშვს ასევე აქვს სატელეფონო ზარის უფლება, როდესაც ის არის ფიზიკური, სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის პირდაპირი მსხვერპლი. 112-ში დასარეკად კანონიერი მეურვის საჭიროება არ არსებობს.

პოლიციის ვალდებულება

თუ პოლიცია შეიტყობს ძალადობის ფაქტს, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მივიდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, შეატყობინა მას დაზარალებულმა, მოწმემ თუ კანონით განსაზღვრულმა სხვა პირმა.

როდესაც პოლიცია მიდის ოჯახში ძალადობის ადგილზე, მას აქვს შემდეგი უფლებები:

  • ცალ-ცალკე გაესაუბროს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, მოწმეებს, მოძალადეებს, მათ შორის არასრულწლოვანებს;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, მოძალადე გაიყვანოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება;
  • დაზარალებულის მოთხოვნით ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა;
  • დაზარალებულის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში, დაზარალებულის თანხმობით, უზრუნველყოს მსხვერპლის ან/და დამოკიდებული პირის თავშესაფარში გადაყვანა;
  • გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პოლიციელს შეიძლება არ ჰქონდეს ტრენინგი გავლილი ოჯახში ძალადობის შემთხვევებში განსახორციელებელ პროცედურებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი შეიძლება სწორედ პოლიციის მიერ მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში წარმოიშვას.

სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს სათანადო გულმოდგინება, რათა თავიდან აიცილოს, გამოიძიოს და დასაჯოს მსხვერპლთა მიმართ ძალადობრივი ქმედებები ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, იქნება ეს ჩადენილი სახელმწიფო მოხელეების, თუ კერძო პირების მიერ. პოლიციის მიერ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირების შეუსრულებლობა სახელმწიფოს მიერ შეიძლება ჩაითვალოს მსხვერპლთა უსაფრთხოების ხელყოფად.

სიცოცხლის უფლება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება

ოპერატიული ზომები, რომლებიც პოლიციამ უნდა გამოიყენოს მსხვერპლისა და მისი შვილების დასაცავად, არის ის საშუალება, რითაც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს მსხვერპლთა უფლებები. თუ პოლიცია ადეკვატურად ვერ რეაგირებს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის უფლების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან წამების და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა.

დისკრიმინაციის აკრძალვა

ოჯახური ძალადობა ქალების დისკრიმინაციის ფორმად ითვლება, რადგან ის, ძირითადად, ქალებს ეხება. თუ სახელმწიფო (ამ შემთხვევაში, პოლიცია) ეფექტურად ვერ რეაგირებს და არ უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევა, მათ შორის სიცოცხლის უფლების ან/და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის ან წამების და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა.

რესურსები

ბოლო განახლებები 18/12/2023